პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ტრიბუნა განცხადებებისთვის პარლამენტის წევრებს დაეთმოთ.
დეპუტატებმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცეს და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვეს. თბილისში გამართული ოთხდღიანი სესია შეაჯამა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ღონისძიების წარმატებით დასრულებით, საქართველომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. დეპუტატმა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც გამორჩეულად წარმატებით დასრულდა და ნატოსთან და საერთოდ, ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავინაცვლეთ. მინდა, მივესალმო ძალიან სწორ და მტკიცე გზავნილებს, რომელიც გაისმა როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ასევე, იმ დეკლარაციის მიღებით, რომელიც პირდაპირ იყო მოწოდებული საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც აბსოლუტურად სწორად შეაფასა საქართველოს მიერ აღებული პოლიტიკური კურსი, ის რეფორმები და პროგრესი, რომელიც სამაგალითოა რეგიონში. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო ასამბლეის პრეზიდენტს, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, ასამბლეის ყველა წევრს, რომლებმაც გამორჩეული პოლიტიკური განცხადებები გააკეთეს.”, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის წევრების განცხადებები, ძირითადად, საკონსტიტუციო რეფორმის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, გენერალურ აუდიტორზე მომხდარი თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის დაკავების, თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებისა და სასამართლო სისტემის შესახებ გააკეთეს. საპარლამენტო უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, პლებისციტის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან დაკავშირებით, კოლეგების განცხადებებს გამოეხმაურა დეპუტატი ზაზა გაბუნია, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლება საქართველოს თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას ცდილობს და საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირებისთვის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებია დაგეგმილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ღვინიაშვილმა კახეთში, სეტყვის შედეგად მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალისა და აგროდაზღვევის შესახებ ისაუბრა. კოლეგას გამოეხმაურა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია, რომელმაც განაცხადა, რომ სსტც „დელტამ” რამდენიმე საფრთხის თავიდან აცილება შეძლო.

მისივე განმარტებით, პრაქტიკაში დანერგილია ორი სისტემური მეთოდი: სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა და აგროდაზღვევა. დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა აგროდაზღვევის პროექტზე და აღნიშნა, რომ პროექტი პრაქტიკაში ინერგება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი განცხადების გაკეთება საფრთხილოა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„მიწის კანონთან დაკავშირებით, გუნდში მიღწეულია შეთანხმება და კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი, რომელიც აკონკრეტებს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. შესაბამისი ცვლილებები შედის ორგანულ კანონში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გავუსვა ხაზი – არსებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში, დაახლოებით, 45 ათას ჰექტრამდე მიწა უკვე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სარგებლობაშია და არცერთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ამ სექტორში არ განხორციელებულა. დამატებითი ადგილები მხოლოდ სეზონზე იქმნება და შესაბამისად, არც გადამამუშავებელი მრეწველობის კუთხით ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი ინვესტიცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის: შეღავათიანი აგროკრედიტი, „დანერგე მომავალი”, აწარმოე საქართველოში, შეღავათიანი პირობები, რომლებიც კოოპერატივებზე ვრცელდება და ეს იძლევა სრულ საშუალებას, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების მიერ მოხდეს ამ რესურსის თავიდან ბოლომდე ათვისება. ეს არ არის ის სექტორი, რომელშიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამას ცხადყოფს სტატისტიკური მონაცემებიც”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

პლენარულ სხდომაზე რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების” წევრმა ადა მარშანიამ. კოლეგას გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხზე, ქართველი ერი ერთიანია. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატო ცდილობს, რუსეთი ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქციოს.

„დიახ, ნატო ცდილობს რუსეთი მოაქციოს ცივილიზებულ ჩარჩოებში და რუსეთი ვაიძულოთ გახდეს იმ საერთაშორისო ნორმის თანამონაწილე, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. მაგრამ, თუ ილუზია აქვს ვინმეს, რომ ჩვენი მცდელობით ბატონი პუტინი ხვალვე დაგვიბრუნებს ტერიტორიებს, ამას არავინ არ დაიჯერებს. ჩვენს ქვეყანას აქვს სწორი არჩევანი, რაც არის ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრობის სურვილი, ნატოს და ევროკავშირის წევრობა, რაც ქმნის საერთო, კოლექტიური უსაფრთხო სისტემას და გარემოს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური, უსაფრთხო, კეთილდღეობისა და განვითარებისკენ მიმართული ერთადერთი საშუალება”,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კოლეგებს სოციალური მეწარმეობის საკანონმდებლო დონეზე მხარდაჭერისკენ მოუწოდა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ „შრომის უსაფრთხოების შესახებ” მთავრობის მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აკაკი ზოიძე 30 მაისს, მშენებლობაზე, 35 წლის გოგი ხვიდანის დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.

„მთავრობის მიერ შემოტანილია ძალიან მნიშვნელოვანი კანონმდებლობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასთან და კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან შესაძლებლობებს და მანდატს აძლევს შრომის ინსპექციას. კოლეგებს ვთხოვ, რომ მისი განხილვა მოხდეს ძალიან სწრაფად და შევძლოთ, მივიღოთ ის პრევენციული მექანიზმები, რაც თავიდან აგვაცილებინებს ან მინიმუმამდე შეამცირებს მომავალში ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებს”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდება და კონკრეტულ განცხადებებს დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ გააკეთებს.

მამუკა მდინარაძემ, ასევე, უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სერგი კაპანაძის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარების შესახებ.

„ჩავატარეთ უპრეცენდენტო საყოველთაო-სახალხო განხილვები. საბოლოო ჯამში, უპრეცედენტობა იმაშიც აისახება, რომ არ ვაპირებთ ეს პროცესი ფორმალური იყოს შედეგის თვალსაზრისითაც და შესაბამისად, ვგეგმავთ, რომ საზოგადოებიდან წამოსული ნააზრევის სისტემატიზაცია, მათი კითხვების სისტემატიზაცია მოვახდინოთ. ამის შემდეგ შევაჯეროთ და შევაჯამოთ აზრები, განვიხილოთ ეს თემები უმრავლესობის შიგნით, ეს მოხდეს ვენეციის კომისიის დასკვნასთან სინთეზში, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება და დარწმუნებული ვარ, მასში ისეთი შენიშვნები არ იქნება, რომლებიც არსებითად შეცვლის წარმოდგენილ პროექტს. საბოლოო ჯამში, ამ ქმედებების შედეგად, ჩვენ მივიღებთ დახვეწილ, პროგრესზე ორიენტირებულ კონსტიტუციას, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ღირსეულ მომავალს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები