შსს-მ პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნა (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის პროფესიული დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება შს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ლატვიისა და ლიტვის შს მინისტრები, სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და დელეგაციები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა, პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
„2017 წლის 4 აპრილს ჩვენ ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში.
ჩემო პოლიციელებო, ჩვენი მიღწევები თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია. რწმენის, როცა, მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა, გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოჯახების, შვილების, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის! დიდი მადლობა თქვენ ამისთვის!
ჩვენ, პოლიციელები, ვართ ჩვენი ქვეყნის მსახურები და ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს!
პოლიციამ, მთელ მსოფლიოში და სამოქალაქო საზოგადოებამ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო ბევრად უსაფრთხო და უკეთესი გახდეს!“- განაცხადა შს მინისტრმა.
პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და ევროპოლის გენერალურმა დირექტორმა, რობ უენრაითმა მიულოცეს.
„თქვენს ხალხზე ჯონ სტეინბეკმა დაწერა: „ვერაფერი გატეხს მათ ინდივიდუალობას და მათ სულს“. ვფიქრობ, რომ ეს სული ჩანს იმ ყოველდღიურ საქმიანობაში, რასაც თქვენ და თქვენი კოლეგები დანაშაულისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ახორციელებთ. მჯერა, რომ ეს საქმიანობა განვითარდება ევროპოლთან თანამშრომლობის სფეროში დადებული შეთანხმების ფარგლებში. მოუთმენლად ველით საქართველოს სრულ ინტეგრაციას ევროპელ სამართალდამცველთა საზოგადოებაში. ჩვენ გვჭირდება თქვენი დახმარება, რათა ერთად გავხადოთ ევროპა და საქართველო კიდევ უფრო უსაფრთხო“, – აღნიშნა ევროპოლის გენერალურმა დირექტორმა საგანგებო ვიდეომიმართვაში.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროს გამორჩეულ თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის, ვადამდელი წოდებები მიანიჭა, სამკერდე ნიშნები და მადლობის სიგელები პირადად გადასცა.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულმა დანაყოფმა პირადი შემადგენლობა, სპეცტექნიკა და შესაბამისი აღჭურვილობა წარმოადგინა.
წლევანდელ ღონისძიებაზე წვევამდელებმა სამხედრო ფიცი პოლიციელის დღეს პირველად დადეს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, დამსწრე საზოგადოების წინაშე ანსამბლები – „მძლევარი“, „ირაო“ და ქართული ნაციონალური ბალეტი -„სუხიშვილები“ წარდგნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები