კატია ლანგე-მიულერის ლიტერატურული საღამო გაიმართება

29 მაისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში, ცნობილი გერმანელი მწერლის, კატია ლანგე-მიულერის ლიტერატურული საღამო გაიმართება. მოდერატორია: თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი შტეფან ვაკვიცი.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუხადეს, თბილისის ლიტერატურული ფესტივალი დღეს სწორედ ამ ცნობილი გერმანელი მწერლის საღამოთი გაიხსნება.
კატია-ლანგე მიულერი 1951 წელს აღმოსავლეთ ბერლინში დაიბადა. ბავშვობაში იგი სკოლიდან „არასოციალისტური ქცევის“ გამო გამორიცხეს. კატია ოთხი წელი მუშაობდა აღმოსავლეთ ბერლინის გაზეთისთვის „ბერლინერ ცაიტუნგ“. შემდეგ 6 წელი ბერლინის ქალთა ფსიქიატრიულ კლინიკაში მუშაობდა მომვლელად. 28 წლის კატია ლაიფციგის იოჰანეს ბეხერის ინსტიტუტში  ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და აქედან იწყება მისი სამწერლო მოღვაწეობაც.
მწერალი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მონღოლეთში ცხოვრობდა, სწავლობდა და ულან-ბატორში ვილჰელმ პიკის ხალიჩების ქარხანაში მუშაობდა. 1984 წელს კატია დასავლეთ ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად. მან მიიღო გერმანული ლიტერატურის ისეთი მნიშვნელოვანი ჯილდოები, როგორიცაა: ინგებორგ ბახმანის პრიზი, ალფრედ დობლინის პრიზი და კასელერის ლიტერატურული პრემია.
2016 წელს კატია, როგორც მიწვეული პროფესორი, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს პოეტიკაში. 29 მაისიდან 3 ივნისამდე გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის ფარგლებში ერთობლივად ახორციელებენ პროექტს “პერსპექტივა – საუბრები ლიტერატურაზე”, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით იმართება.
პროექტის “პერსპექტივა – საუბრები ლიტერატურაზე” ავტორი და კურატორია ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი, ნინო ხარატიშვილი.
ეს პროექტი ქართველი და გერმანელი მწერლების შეხვედრებსა და მათ აქტიურ თანამშრომლობას ემსახურება. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება. სწორედ ამ დიდი და საპასუხისმგებლო მისიის მოსამზადებლად იმართება ორი ქვეყნის მწერლების გაცნობა, ერთობლივი საუბრები კითხვები და რეზიდენციები.
თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალი (29.05.- 03.06.2017) ამ პროგრამის პლატფორმას წარმოადგენს.
პროექტით დაგეგმილია ლიტერატული საღამოები გერმანიიდან ჩამოსულ ცნობილ მწერლებთან: კატია ლანგე-მიულერთან, კლემენს მაიერთან, ულა ლენცესთან, ფოლკერ შმიდტთან, ოლგა გრიაზნოვასთან და კატია პეტროვსკაიასთან.
ლიტერატურული საღამოების გარდა, გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება ორი პანელ-დისკუსია: „ევროპა, როგორც იდეა“ და „Angry White Man“. პროექტი „პერსპექტივა – საუბრები ლიტერატურაზე“ მხოლოდ ფესტივალის დატვირთული პროგრამით არ შემოიფარგლება. 6 გერმანელი და 6 ქართველი ავტორი “დაწყვილდებიან” და ქვეყნის გაცნობის მიზნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ერთად იმოგზაურებენ.
ამ ერთობლივი რეზიდენციების, ურთიერთგაცნობისა და იმპულსების გაცვლის შედეგად პროექტში მონაწილე ავტორები იმუშავებენ ტექსტებზე, რომლებიც 2018 წელს გერმანულ გამომცემლობაში წიგნის სახით გამოიცემა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე კი მოხდება ამ წიგნის პრეზენტაცია. ამის გარდა, ასევე იგეგმება ამ ავტორების ერთობლივი პრეზენტაციები გერმანიაში ლიტერატურის ფესტივალებსა და სხვადასხვა პროგრამაში. ამგვარად, გერმანულ-ქართული კულტურული ურთიერთობებისთვის ეს პროექტი, რომლის ავტორი და კურატორი ქართველ-გერმანელი მწერალი და რეჟისორი ნინო ხარატიშვილია, თავისი შინაარსით მრავალმხრივ სასარგებლო და მნიშვნელოვანია როგორც ქართული მწერლობის, ისე საქართველოს, როგორც ქვეყნის წარსადგენად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები