აიზეკ მერიონთან შეხვედრა გაიმართება

30 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში,  შეხვედრა აიზეკ მერიონთან გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წიგნის „თბილი სხეულები“ წარდგინება თბილისი ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. მოდერატორი: ზაზა კოშკაძე.
აიზეკ მერიონი ამერიკის პროვინციულ დასავლეთში წყნარი ოკეანის სანაპირო ქალაქში გაიზარდა. სხვადასხვა დროს იგი გათბობის სისტემების მემონტაჟედ, დაცვის თანამშრომლად და მიუსაფარი ბავშვების ვიზიტების ზედამხედველად მუშაობდა.
სადებიუტო რომანი აიზეკმა 2010 წელს გამოსცა. მისი წიგნი „თბილი სხეულები“ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ბესტსელერი გახდა, 2013 წელს კი ადაპტირებული სცენარითა და იმავე სათაურით რომანტიული კომედიაც გადაიღეს ამერიკაში.
რომანი ოცდახუთ ენაზეა თარგმნილი. დღეს აიზეკი თავის კატასთან, უოტსონთან ერთად სიეტლში ცხოვრობს, წერს წიგნებს, ქმნის მუსიკას და იღებს ფოტოებს.
მოდერატორი: ზაზა კოშკაძე დაიბადა 1982 წელს. ზაზა კოშკაძე პოეტის ფსევდონიმია, ნამდვილი სახელი კი ლევან ცერცვაძეა. სხვა ქართველ არტისტებთან და ახალგაზრდა პოეტებთან ერთად მან დააარსა ალტერნატიული პოეზიის ქსელი და ასევე პოეტების გაერთიანება „ვარდისფერი ავტობუსი“.
„ვარდისფერი ავტობუსის“ ანთოლოგია გამოქვეყნდა 2007 წელს. ზაზას ორი მოთხრობა 15 საუკეთესო ქართულ მოთხრობის ყოველწლიურ გამოცემაში მოხვდა. ავტორის ლექსების კრებული „შუაღამის ცეკვა კიბოსთვის“ 2013 წლის საუკეთესო დებიუტად იქნა ნომინირებული. ბოლო 5 წელია იგი მუშაობს როგორც ტვ-სა და ფილმების სცენარისტი. მონაწილეა არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული სემინარისა და ფესტივალის. 2013 წელს მან დააარსა პირველი ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“ მისტიკის, ფენტეზისა და ჰორორის ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოებების პოპულარიზაციისათვის. 2016 წელს გამოაქვეყნა ელექტრონული მოთხრობების კრებული „ზომბი, რომელსაც უყვარდა ლიტერატურა“. ზაზა კოშკაძის ლექსები თარგმნილია ინგლისურად, ფრანგულად, თურქულად, ბერძნულად, სლოვაკურად, ჩეხურად.
აიზეკ მერიონის მონაწილეობა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე უზრუნველყო აშშ-ს საელჩომ საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები