დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა
ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიაზე სამხედრო დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. ამის შესახებ „სიბიესი“ (CBS) იუწყება.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება ტრამპმა ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა. თავდაპირველად, სამხედრო მოქმედებების დაწყება უფრო ადრე იგეგმებოდა, თუმცა უამინდობის გამო ოპერაცია გადაიდო.
ამავე დროს, ვენესუელის სახელმწიფო ტელეკომპანია „ტელესური“ ავრცელებს ქვეყნის მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც კარაკასი გმობს შეერთებული შტატების ქმედებებს ვენესუელის ტერიტორიისა და მოსახლეობის წინააღმდეგ, მათ შორის დედაქალაქში არსებულ სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე.
ვენესუელის ხელისუფლება ვაშინგტონს ადანაშაულებს ქვეყნის სტრატეგიული რესურსების — განსაკუთრებით ნავთობისა და მინერალების — ხელში ჩაგდების მცდელობაში.
ცნობისთვის, კარაკასში აფეთქებების ხმა ისმის, ხოლო ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე მოძრავი თვითმფრინავი დაფიქსირდა.