გივი მარგველაშვილის პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართება

ქართულ-გერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი 2017 წელს ქართველი პოეტი და მთარგმნელი, დავით წერედიანი გახდა.
საზეიმო დაჯილდოება  30 მაისს, 17 საათზე, მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13) გაიმართება. როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, დაჯილდოების ცერემონიალი თბილისის ლიტერატურის ფესტივალის კვირეულში ჩატარდება.
თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და DVV International-ი გივი მარგველაშვილის სახელობის პრემიას უკვე მეხუთეჯერ გასცემენ.
დავით წერედიანი 1963 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში. ის 1981 წლიდან ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას.
მის მიერაა თარგმნილი გერმანული ლიტერატურის ორი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები: გოეთეს ,,ფაუსტი“, ძმები გრიმების ზღაპრები.
„ფაუსტი“, რომელსაც დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე, იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832) თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უმაღლესი ქმნილება სიმბოლურ-ალეგორიული ნაწარმოებია. მისი ეკვივალენტის შექმნას ისეთივე ტიტანური შრომა სჭირდება, როგორც ავტორისა. ქართველ მკითხველმა დავით წერედიანის ახალი თარგმანით კიდევ ერთხელ უკეთ გაიცნო მსოფლიო ლიტერატურის შედევრის პირველი ნაწილი და სულ მალე მეორე ნაწილიც გამოიცემა.
ამგვარად, სიმბოლურია დავით წერედიანის ქართულ-გერმანული მეგობრობის საიუბილეო, 2017 წელს, გივი მარგველაშვილის პრემიით დაჯილდოება.
დაჯილდოებაზე სიტყვით გამოვლენ: კრიტიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გერმანისტი, ლევან ბრეგაძე და აღმოსავლეთმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი, გიორგი ლობჟანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები