იტალიის კუნძულ სიცილიაზე „დიდი შვიდეულის“ სამიტი დასრულდა. შეხვედრის ბოლოს, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, იტალიის, გერმანიისა და იაპონიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას.
სამიტზე განიხილებოდა გლობალური კლიმატის ცვლილებების პრობლემა, ტერორიზმთან ბრძოლა, მიგრაცია, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა, ასევე, სირიაში არსებული ვითარება და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
მოლაპარაკების მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ მინსკის შეთანხმებების შესრულების შემთხვევაში გაუქმდება. ასევე, შეხვედრის მონაწილეები შეთანხდნენ. რომ უკრაინასთან დაკავშირებით ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რუსეთს ახალი სანქციებიც დაუწესდება.
რაც შეეხება კლიმატის ცვლილების საკითხს, ამასთან დაკავშირებით, შეთანხმება ვერ შედგა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილების შესახებ შეთანხმებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ის მომავალ კვირას მიიღებს.
მიგრანტების პრობლემაც სერიოზული განსჯის საგანი გახდა, ვინაიდან აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა საკუთარი საზღვრების დაცვის და ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა აღნიშნეს.