“ახალგაზრდა ადვოკატები” კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხზე ვენეციის კომისიას სამართლებრივ შეფასებას უგზავნის

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას სარეკომენდაციო წინადადებათა პაკეტით მიმართავს, – ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ლაბაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
ლაბაძის განმარტებით, წინადადებათა პაკეტი, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში ყველა იმ ძირეული საკითხის გათვალისწინებას გულისხმობს, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების გზაზე უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
​ორგანიზაცია აგრეთვე კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნებითა და წინადადებებით ვენეციის კომისიას მიმართავს.
გიორგი ლაბაძის თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესში ყურადღება უნდა დაუთმოს საზოგადოებრივ ჩართულობას და დოკუმენტში საერთო სახალხო ნება უნდა აისახოს. „ იმისათვის, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, საჭიროა ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის მოსაზრების გათვალისწინება, როგორებიც არიან: პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, უმცირესობები და საკითხზე მომუშავე ექსპერტები. ამასთან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იყოს დასავლურ დემოკრატიებში არსებული პრაქტიკა და გამოცდილება“- აღნიშნა ლაბაძემ. „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები პრეზიდენტის არჩევის წესს, საარჩევნო კანონმდებლობას და უშიშროების საბჭოს შეეხება. „აუცილებელია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნდეს, რადგან ნეიტრალური არბიტრი უნდა იყოს სახალხო მანდატის მფლობელი; საპარლამენტო არჩევნებში გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს, რადგან გამარჯვებულ პარტიას არ ერგოს შეუსაბამო და დაუმსახურებელი რაოდენობის მანდატები; მიზანშეწონილად მივიჩნევთ საარჩევნო ბარიერის 4%-მდე დაწევას, რათა უფრო მეტ პარტიას მიეცეს საპარლამენტო ცხოვრებაში ჩართვის საშუალება და მიღწეული იქნეს პარტიული და წარმომადგენლობითი პლურალიზმი; ჩვენ მიგვაჩნია რომ საარჩევნო ბლოკი კვლავ უნდა განიხილებოდეს საარჩევნო სუბიექტად, ხოლო მათთვის საარჩევნო ბარიერი უნდა განისაზღვროს 7%-ით; საჭიროა მაჟორიტარული სისტემის სრულ გაუქმებამდე, უნდა მოხდეს მაჟორიტარული სისტემის ხარვეზული მხარეების შესწავლა, აღმოფხვრა და მეტი საკანონმდებლო უფლებამოსილების განსაზღვრა მაჟორიტარი პარლამენტის წევრების რეალური პოლიტიკური საქმიანობისთვის, რაც საერთო გაგებით, სისტემის არსებობა, დაკავშირებულია ადგილებზე მუნიციპალური პოლიტიკის განვითარებასთან; აუცილებელია რომ პრეზიდენტს შეუნარჩუნდეს ვეტოს უფლება კონსტიტუციურ კანონზე, რადგან პრეზიდენტს უნდა შეეძლოს კონტროლი გაუწიოს საკანონმდებლო პროცესს; ამას გარდა სახელწიფოს მეთაურის მიერ, საჭიროების შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება უნდა იყოს გამარტივებული, რათა საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის უშიშროებას, თავდაცვისუნარიანობასა და ტერიტორიულ მთლიანობას; არ უნდა მოხდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება, რომლის მიზანი და ამოცანაა შეიმუშაოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და ეფექტური სამხედრო ორგანიზება“- აღნიშნა გიორგი ლაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები