ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა გრძელდება

ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის განხილვა გრძელდება.
კონფერენციის მეორე დღე ადამიანის ძირითად უფლებებზე, სასამართლო ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, სახელმწიფო ფინანსებსა და სახელმწიფო თავდაცვაზე მსჯელობას დაეთმობა.
„დაგვრჩა რამდენიმე სესია გარდამავალ დებულებებზე და სხვა საკითხებზე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მოქმედ ცვლილებებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით კონსტრუქციაზე,რომლის მიხედვითაც მთლიანად ამოვწურავთ ამ ორი დღის განმავლობაში საკითხებს, რომლებიც იყო სამსჯელოდ გამოტანილი ამ კონფერენციაზე”,- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
დღეს განსახილველ საკითხებზე მედიასთან ისაუბრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.
„კონფერენციის ეს ნაწილი უკვე ძირითადად დაეთმობა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას. მთავრობის ნაწილში კონსტიტუციური ცვლილებებით არის შემოთავაზებული ახალი რეგულაციები, რომლითაც პარლამენტის საკონტროლო უფლებამოსილებები მთავრობასთან მიმართებაში არის გაძლიერებული, სრულიად ახალი უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის მექანიზმი არის ჩამოყალიბებული. სასამართლოს ნაწილში არის დამატებითი გარანტიები სასამართლოს დამოუკიდებლობის, ეს აისახება შეუცვლელობის პრინციპის დამკვიდრებაში, იმ პრინციპის დამკვიდრებაში, რომ რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შემთხვევაში მოსამართლეს, როგორც ეს ადრე მომხდარა, ვერ გაუშვებენ სახლში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ის, რომ პროკურატურის გამოყოფა ხდება იუსტიციის სამინისტროდან”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, კონსტიტუციურ კანონის პროექტზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და მთავრობის წარმომადგენლები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი, ექსპერტებს, კონსტიტუციონალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები