მიხეილ ჯანელიძე: საქართველოს სუვერენიტეტისთვის თურქეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთის პრემიერისა და 7 მინისტრის ვიზიტს საქართველოში უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტისთვის თურქეთის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, ეს ვიზიტი საქართველოსა და თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ემთხვევა.
“უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლების განმავლობაში საქართველომ და თურქეთმა ჩამოაყალიბეს ნამდვილად სამაგალითო ურთიერთობა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის ძალიან მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისადმი, ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
დღეს საღამოს საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ჩამოვიდა. მასთან ერთად ქვეყანაში 7 მინისტრიც ჩამოფრინდა. ხვალ თურქეთისა და საქართველოს პრემიერების შეხვედრა გაიმართება.