აჭარის მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობა კონსტიტუციური კანონის პროექტის ცვლილებებს გაეცნო
კონსტიტუციური პროექტის ახალ რედაქციას ხულოს, შუახევის და ქედის მოსახლეობა გაეცნო. აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობას, ქვეყნის უზენაეს კანონში შესატანი ცვლილებების მთავარი არსი და მნიშვნელოვანი სიახლეები, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა გააცნო.
„კონსტიტუცია – ქვეყნის უზენაესი კანონი, განკუთვნილია სწორედ იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს მობრძანდით საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და მის დემოკრატიულ განვითარებაში არიან ჩართულნი”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის წევრმა ადგილობრივებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ოთხთვიანი მუშაობის შედეგები გააცნო და კონსტიტუციური კანონის პროექტის მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, 2010 წელს მომზადებულმა ცვლილებებმა, როდესაც საპრეზიდენტო მმართველობა საპარლამენტო სისტემაზე გადასვლით შეიცვალა, უამრავი ფუნდამენტური და იურიდიულ-ტექნიკური ხარვეზი დატოვა, რაზეც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც არსებობს. წარმოდგენილი ცვლილებებით კი სრულყოფილ ფორმას იღებს მმართველობითი სისტემა, რომელიც ოთხ ძირითად პრინციპს – ზეპარტიულ პრეზიდენტს, ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას და დამოუკიდებელ სასამართლოს წარმოადგენს.
არსებით ცვლილებებზე საუბრისას, დავით მათიკაშვილი კონსტიტუციის მეორე თავში მოცემულ ადამიანის ძირითად უფლებებს შეეხო და კონსტიტუციით გარანტირებული მიმართულებები განმარტა. მანვე ადგილობრივ მოქალაქეებს, პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესში მომზადებული ცვლილებები გააცნო. პარლამენტის წევრმა შერეული სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პრინციპებზე ისაუბრა და ყურადღება 5% ბარიერის დაწესებაზე, ე.წ. ბონუსის სისტემაზე და საარჩევნო ბლოკების გაუქმებაზე გაამახვილა. დავით მათიკაშვილმა საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებში პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის ძალაუფლებას შორის არსებული დისბალანსის შედეგები განმარტა.
კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით, ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის – რეგიონების” შეხედულებები ფრაქციის წევრებმა ლელა ქებურიამ და აკაკი ბობოხიძემ წარმოადგინეს. ისევე როგორც ყველა გამართულ განხილვაზე, ხულოშიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის არცევის წესი, პროპორციული საარჩევნო სისტემა, 5% ბარიერი და ე.წ. ბონუსის სისტემის შემოღება გააპროტესტეს. ლელა ქებურიას განცხადებით, იგი სრულად იზიარებს მმართველობის სისტემის ოთხ შემოთავაზებულ პრინციპს, თუმცა იგი წარმოდგენილ საკონსტიტუციო პროექტით მათ შესრულების უზრუნველყოფას ვერ ხედავს. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად პლებისციტის გამართვა და ხალხის პოზიციის გაცნობა მოითხოვეს.
ოპოზიციონერი გამომსვლელების პასუხად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ კიდევ ერთხელ განმარტა პროპორციული სისტემაზე გადასვლის მნიშვნელობა და ერთნიშნა დანამატის – ე.წ. ბონუსის შემოღების აუცილებლობა. მისი განცხადებით, ყოველივე ეს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს, რაც კოალიციურ მთავრობების შექმნასთან დაკავშირებულ რისკებს გამორიცხავს. მისივე შეფასებით, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონში და ზოგადად მსოფლიო მასშტაბით შეინიშნება, საქართველოსთვის სტაბილური გარემოს შექმნა და დემოკრატიული განვითარება, მნიშვნელოვანი ფაქტს წარმოადგენს და არ შეიძლება სტაბილურობის მიმართ ზოგადი და ცინიკური განცხადებების გაკეთება. გიორგი ვოლსკიმ საარჩევნო ბლოკების გაუქმების და პოლიტიკური პარტიების განვითარების მნიშვნელობასა და პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა და საკუთარი არგუმენტები წარმოადგინა. გამოსვლის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტიტუციის საბოლოო რედაქციის მომზადების პროცესზე ისაუბრა. „შეხვედრებზე ჩვენ ვისმენთ მოსახლეობის აზრს, შემდეგ ვაანალიზებთ მათ. პარალელურად ვმართავთ კონსულტაციებს და ველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მომზადდება კონსტიტუციის საბოლოო რედაქცია, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მაღალმთიანი რეგიონის განვითარებისთვის კონსტიტუციურ ჩანაწერის მნიშვნელობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა. მისი განცხადებით, ახალ კონსტიტუციურ პროექტში ქვეყნის და ადამიანის უფლებების განვითარების უზრუნველსაყოფად არაერთი ჩანაწერი გაკეთდა და მთელი რიგი უფლებები და თავისუფლებები კონსტიტუციურ დონეზე გამყარდა. „მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციამ უზრუნველყოს თვითოეული მოქალაქის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, დაიცვას მათი პირადი სივრცე და თავისუფალი განვითარება, სწორედ ამ მიდგომებს ითვალისწინებს კონსტიტუციის ის პროექტი, რომელიც საყოველთაო განხილვისთვის თქვენთვის წარვადგინეთ. ჩვენ მოვისმენთ თქვენს მოსაზრებებს და ყოველივე ამის გათვალისწინებით შევქმნით საქართველოს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებულ ქვეყნის უზენაესს კანონს”, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
აჭარის მაღალმთიან მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. ადგილობრივი მოსახლეობა როგორც კონსტიტუციასთან დაკავშირებულ საკითხებით, ასევე სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებით დაინტერესდნენ. შეხვედრაზე კითხვები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის კონსტიტუციასა და მის სტატუსზე, მაღალმთიანი რეგიონების კანონმდებლობაზე, უცხოელ მოქალაქეებისთვის ქართული მიწის განკარგვის რეგულაციებზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და შეჭირვებულ ოჯახების დახმარებაზე გაკეთდა. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს და გარკვეულ თემებზე დამატებითი განმარტებები გააკეთეს.
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო განხილვა საქართველოს რეგიონებში, მიმდინარე კვირის ბოლომდე, გაგრძელდება.