ჰერბერტ ზალბერი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

“ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ, ჰერბერტ ზალბერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ზალბერმა აღნიშნა, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც სეპარატისტულ რეგიონში არჩევნები ჩატარდა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ის იზიარებს ევროკავშირის პოზიციას. ზალბერი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას შეხვდა.
„მადლობელი ვარ თქვენი ინტერესისთვის, რომ მოხვედით აქ. მინდა გითხრათ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემს კოლეგებთან განვიხილეთ საკითხები, რომელმაც გაგაღიზიანათ თქვენ. ამასთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო შემდეგი: ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ჩვენთვის ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და მე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს ვუჭერ ამ პრინციპს. მე ამას ყოველი შესაძლებლობისას ხაზს ვუსვამ. რაც შეეხება არჩევნებს საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – სამხრეთ ოსეთში, ევროკავშირმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ არ აღიარებს იმ ფორმატს, რომლის ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა. მეც ასევე, მხარს ვუჭერ ამ პოზიციას. ამავდროულად, ევროკავშირი ერთგულია, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრას. ზუსტად ამ მიზეზის გამო, ევროკავშირი და პირადად მე ჩართულნი ვართ ჟენევის დისკუსიებში. ეს ჩემი მანდატის საფუძველია,“ – განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.
​როგორც ცნობილია, ზალბერი ბოლო ორი დღის განმავლობაში, სოხუმში იმყოფებოდა, იქამდე კი შეხვედრები ცხინვალში გამართა. ჰერბერტ ზალბერმა ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები