გიორგი მარგველაშვილი: ნატოსკენ სწრაფვა არის კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს

0

“ნატოსკენ სწრაფვა არის კონკრეტული პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფომ უნდა გაატაროს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუცია არ არის დეკლარაციებისთვის, დეკლარაციისთვის არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც ჰქვია პრეამბულა.
“ოჯახის დეფინიცია არის ის, რაც უკვე წერია კანონში და მისი კონსტიტუციის დონემდე ატანა, რაღაცის დეფინიციაა, ოღონდ რისი, ბოლომდე ვერ ვხვდები. 94-ე მუხლი, გადასახადების რეფერენდუმის შემოღების თაობაზეც, ეს არის მუხლი, რომელსაც თავისუფლად შესაძლებელია გვერდი ავუაროთ. ჩემი აზრით, ეს მხოლოდ დეკლარაციული იყო იმის საჩვენებლად, რომ თითქოს საქართველოში სტაბილური საგასადახადო გარემო არსებობს. კონსტიტუცია არ არის დეკლარაციებისთვის, დეკლარაციისთვის არის მხოლოდ ის ნაწილი, რომელსაც ჰქვია პრეამბულა, რომელიც უაღრესად ამაღელვებელია თავისი პოეტურობით, რადგან იწყება ამ სიტყვებით:”ჩვენ – საქართველოს მოქალაქენი”. დანარჩენი უნდა იყოს არა დეკლარაციები, არამედ მექანიზმები. ადამიანი, რომელმაც ნატოს ორ სამიტზე საქართველო წარმოვადგინე, არ მგონია, მჭირდებოდეს მტკიცება იმისა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩემ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს, მაგრამ ამ პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, მჭირდება არა კონსტიტუციაში ჩაწერილი ლოზუნგი, არამედ უშიშროების საბჭო, რადგან უშიშროების საბჭო არის არა ლოზუნგი, არამედ მექანიზმი”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
​მისივე თქმით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და სამხედრო აღმშენებლობისთვის შექმნილი კონსტიტუციური მექანიზმი, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები თათბირობენ, როგორ გააძლიერონ ქვეყანა, ეს არის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე საუბრობენ.
​”ამას რომ აქრობ ქვეყნის კონსტიტუციიდან, მერე რაც არ უნდა ჩაწერო, ის უკვე მხოლოდ ლოზუნგია”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი