პრეზიდენტი კამპანიის „კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

„მივესალმები შესაძლებლობას, თქვენთან ერთად განვიხილო მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში დღეს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას კონსტიტუციის ახალი პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე საკუთარი შეხედულებები გააცნო, მათი მოსაზრებები მოისმინა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ქვეყნის პირველმა პირმა დადებითად შეაფასა ქვეყანაში საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით არსებული აქტიური ჩართულობა და აღნიშნა, რომ სწორედ კონსტიტუცია არის ის დოკუმენტი, რომელიც მთელ საზოგადოებას ერთიან პროცესში აერთიანებს და მნიშვნელოვანია, ყველა იყოს მიმდინარე პროცესის თანამონაწილე.
„მე კანონპროექტის დადებამდე ჩავერთე ამ თემის აქტუალიზაციის საკითხში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ათობით შეხვედრა ჩავატარეთ. ეს შეხვედრები კვლავ გრძელდება. ასევე, ჩავები კამპანიაში, რომელსაც საკონსტიტუციო კომისია ატარებდა და მათთან ერთადაც მივიღე მონაწილეობა საყოველთაო განხილვებში. მიმაჩნია, რომ რაც უფრო ფართოდ გაიშლება დისკუსია, მით უფრო შინაარსობრივი იქნება ჩვენი მსჯელობა ქვეყნის უმაღლეს კანონზე. რამდენიმე პრინციპი, რომელიც ჩემთვის იყო და ახლაც ამოსავალია, არის ის, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს თანხმობის დოკუმენტი და ამ დოკუმენტმა, გარდა იმისა, რომ შექმნის ქვეყნის განვითარების სამართლებრივ ბაზას, გარკვეულწილად, უნდა შექმნას საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის პრეცედენტიც, რაც ამ სამართლებრივ პროცესს და ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს ნორმალურ ჭრილში წარმართავს. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც მე განვიხილავ ამ პროცესში, ქვეყნის დაცულობისა და უსაფრთხოების საკითხებთან კონსტიტუციის კავშირში მდგომარეობს. ამ თვალსაზრისითაც, კონსტიტუცია არის არა მარტო მოქმედი კანონი ქვეყნის ყოველდღიური სამართლებრივი ცხოვრებისათვის ან პოლიტიკური თამაშის წესებისთვის, არამედ ეს არის კანონი, რომელიც განსაკუთრებით აქტიურდება და აქტუალური ხდება მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის კრიზისი და ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება კონსტიტუცია. და ბოლოს, მთავარი ამოსავალი პრინციპი ჩემთვის, სხვადასხვა მოდელების ან ფუნქციების განხილვის თვალსაზრისით, არის ის, რომ კონსტიტუცია იყოს დაბალანსებული. მისაღებია ნებისმიერი მოდელი, რომელიც დაბალანსებულია დემოკრატიული საზოგადოებისათვის. ამ კონტექსტიდან გამომდინარე, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი შეხედულებები და ხედვები”, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
„ეროვნულ პლატფორმაში” გაერთიანებულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და პრეზიდენტის მრჩევლებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები