ბათუმი ზაფხულის სეზონისთვის ემზადება – შეზლონგებისა და ქოლგების ფასი ფიქსირებული იქნება

“ბათუმის პლაჟებზე, წელს პირველად, შეზლონგებისა და ქოლგების ფასი ფიქსირებული იქნება”, – ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გააკეთა.
ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, სადაც შეზლონგებისა და ქოლგების ღირებულება ფიქსირებულია და მთელი დღის განმავლობაში, 3+1 ლარი ეღირება. პატარაძის თქმით, იმისთვის, რომ ნებისმიერი სტუმრისთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მომსახურების ღირებულების შესახებ, სანაპიროებზე განთავსდება საინფორმაციო დაფები სამ ენაზე. ასევე, ამ ტენდერის პირობების თანახმად, უნდა მოეწყოს პლაჟის ინფრასტრუქტურა.
მთავრობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სულ ბულვარის ტერიტორიაზე, “საოცრებათა მოედნიდან” “აკვაპარკის” ჩათვლით 29 საპლაჟო სექტორი უნდა გაკეთდეს და ყველა ერთ სტილში მოეწყოს, პლაჟებზე განთავსდეს 20 საშხაპე და გასახდელი, ერთნაირი შეზლონგები და სანაპიროზე ჩასასვლელი ბილიკები, რომლებიც იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.
​პატარაძის ინფორმაციით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია და საპლაჟო ინფრასტრუქტურის მოწყობა 10 ივნისისთვის უნდა დასრულდეს. გარდა ამისა, ახალ ბულვარში საგაზაფხულო დარგვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბულვარის ადმინისტრაციის, აგრონომიული სამსახურის თანამშრომლების მიერ სხვადასხვა ლოკაციებზე არსებულ საყვავილე კლუმბებში ერთწლოვანი დეკორატიული ყვავილების, კერძოდ:ტაგეტესის, ვინკას, სალვიასა და ცინიას ჩითილებისგან ორიგინალური კომპოზიციები მოეწყო. მანამდე, საყვავილე კლუმბებს მოსამზადებელი სამუშაოები ჩაუტარდა, კერძოდ კი, ნიადაგი დამუშავდა/გაფხვიერდა და შეტანილ იქნა ორგანული და მინერალური სასუქი. ჯამში, დღეისათვის ახალი ბულვარის მთლიან პერიმეტრზე 50 500 ერთწლოვანი ყვავილის ჩითილი დაირგო.
სეზონური ყვავილების დარგვის სამუშაოები ახალ ბულვარში მაისის თვის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები