საქართველოში 39 სეისმური სადგური დამონტაჟდა- ამერიკელმა და ქართველმა მეცნიერებმა კავკასიაში მთათა წარმოშობის შესწავლა დაიწყეს

​ამერიკის ენერგიის დეპარტამენტის და ამერიკის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, საქართველოში 39 სეისმური სადგური დამონტაჟდა. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, თეა გოდოლაძემ და პროექტის ხელმძღვანელმა, მისურის უნივერსიტეტის პროფესორმა, ერიკ სენდვორმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, პროექტი კავკასიაში მთათა წარმოშობის შესწავლას ითვალისწინებს.
„ პროექტში სამი უნივერსიტეტი მონაწილეობს. ესენია: მისურის, მიგიჩაგინის და ორეგანის უნივერსიტეტები. პროექტი დიდი კავკასიონის დანაოჭების და კავკასიაში მთათა წარმოშობის შესწავლას ითვალისწინებს. ამ პროექტის შედეგები პირდაპირ ახსნის იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს მყინვარწვერზე, დევდორაკზე, პასუხს გასცემს კითხვებს ამ რეგიონის აქტიურ სეისმურობაზე. სეისმური სადგური დამონტაჟდა ყაზბეგში. ყაზბეგიდან სადახლომდე, ყოველ 5 კილომეტრში, 30 სეისმური სადგური დამონტაჟდა. დღეს კი 9 სადგური დამონტაჟდება საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს მიმართ ინტერესს, ჩვენ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მთათა სისტემა გვაქვს, ამიტომ ის პროცესები, რაც ჩვენთან მიმდინარეობს, სამეცნიერო კუთხით, ძალიან საინტერესოა”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.
პროექტის ხელმძღვანელის, იდეის ავტორის ერიკ სენდვორის თქმით, სეისმური სადგურებისგან მიღებული ინფორმაცია არამარტო მთათა წარმოშობის სისტემის შესახებ მოგვცემს ინფორმაციას, არამედ ამ მონაცემების საფუძველზე, კავკასიის სეისმურობის მიზეზებსაც ახსნის.
„ საქართველოს ახალგაზრდა მთათა სისტემა ყველაზე საინტერესოა ჩემთვის. ჩემი ინტერესის სფეროს მთათა წარმოშობის პროცესი წარმოადგენს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, დავაკვირდე როგორ ხდება მთათა წარმოშობა და ავხსნა ეს პროცესი, რა თანმდევი პროცესები აქვს. ეს სეისმური სადგურები დიდ მონაცემთა ბაზას მოგვცემს, რომლის მოცულობაც დაახლოებით 750 გიგაბაიტი იქნება. ამ მონაცემების საფუძველზე, ჩვენ ავხსნით სეისმურობას, მიწისძვრის და მეწყრების გამომწვევ მიზეზებს. ავაგებთ ამ რეგიონის სამგანზომილებიან მოდელს და სიღრმეში შევისწავლით ყველა ამ საკითხს. ეს ვერ დაგვეხმარება, შევცვალოთ და წინ აღვუდგეთ პროცესებს, რომ აღარ იყოს მიწისძვრა ან მეწყერი, ეს შეუძლებელია, მაგრამ ეს პროექტი დაგვეხმარება გავიგოთ, რომელი ადგილია ყველაზე საშიში და რა პროცესები შეიძლება განვითარდეს, რა უნდა გავითვალისწინოთ იგივე სახლების, ხიდების მშენებლობისას, გზების გაყვანისას. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის მონაცემები, რასაც ეს შედეგები მოგვცემს. მთები წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ორი ფილაქანი ერთმანეთს ეჯახება. ამ დაჯახების საზღვარზე ხდება მთათა წარმოშობა. კავკასია, გეოლოგიურ საზომით, 5 მილიონი წლისაა, მაგალითად, ტიბეტი 50 მილიონი წლისაა. კავკასია ითვლება ძალიან ახალგაზრდა მთათა სისტემად, რომელიც წარმოშობის პროცესშია“,- განაცხადა ერიკ სენდვორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები