ირაკლი კობახიძე: ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა

პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გუშინ, თბილისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე მომხდარი პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ხისტი ძალის გამოყენება, თუმცა კობახიძის განცხადებით, ეს ხისტი ძალა არ გამოიყენეს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ძირითადად, ორი ჯგუფი გამოიკვეთა, რომელთაც მოახერხეს გუშინდელი შეხვედრის ჩაშლა.
„რაც შეეხება იმას, თუ ვინ იდგა ამ ჯგუფების უკან, ამაზე დეტალებში საუბარს მე მოვერიდები, თუმცა გვაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ეს იყო ორი ჯგუფი, რომელთაც, ზუსტად ამ სახით, წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი ასეთი პროვოკაცია. ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამის თაობაზე, თუმცა გადავწყვიტეთ, რომ არ გამოგვეყენებინა ხისტი ძალა. ერთადერთი, ხისტი ძალის გამოყენების პირობებში იყო შესაძლებელი ისეთი პროვოკაციის აცილება. ეს ყველაფერი ვერ უზრუნველყოფს იმ ნეგატიური გეგმის განხორციელებას, რომელიც ჰქონდათ პროვოკაციის ავტორებს. საყოველთაო-სახალხო განხილვა გაგრძელდება და ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ საზოგადოებას ვესაუბროთ“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ ვის უწოდა გუშინდელ ჩაშლილ შეხვედრაზე „რუსეთუმე“, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ პიროვნებას არ დაასახელებს.
„დღეს თუ არა ხვალ, ამას გაიგებს საზოგადოება. მე პასუხს ვაგებ იმ განცხადებაზე, რაც გავაკეთე. რომ არ მქონოდა კონკრეტული ინფორმაცია, ასეთ კონკრეტულ განცხადებას არ გავაკეთებდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები