სოსო მანჯავიძე: სასოფლო-სამეურნეო მიწებთან უცხოური კაპიტალის თავისუფლად დაშვება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს

„სასოფლო-სამეურნეო მიწებთან უცხოური კაპიტალის თავისუფლად დაშვება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს“,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, სოსო მანჯავიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
საკრებულოს დეპუტატის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 19 000 ჰექტარი მიწა უკვე არის უცხოელებზე გასხვისებული. მანჯავიძემ იმ მიზეზებზეც ისაუბრა რის გამოც მიწის უცხოელებზე გასხვისების შესაძლებლობა ქვეყნისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს.
„ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, დემარკირებული არ არის საზღვრები, გვაქვს უამრავი პრობლემა. არსებობს ამ საკითხში პოლიტიკური ფულის ჩართვის დიდი შესაძლებლობა, ქვეყანა სატრანზიტოა, ქვეყნის მოსახლეობა გაღატაკებულია და განსაკუთრებით ეს ეხება სოფლის მეურნეობას, ამ დროს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან უცხოური კაპიტალის თავისუფლად დაშვება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.. როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ამას დაარეგულირებს ორგანული კანონი, ვინ უშლიდათ ხელს, ეს ორგანული კანონი მიეღოთ საკონსტიტუციო განხილვებამდე. ამ დროისთვის 19 000 ჰექტარი მიწაა გაყიდული უკვე უცხოელებზე“, – განაცხადა სოსო მანჯვიძემ.
​რაც შეეხება კონსტიტუციის ახალი პროექტით გაწერილ პრეზიდენტის არჩევის წესს, მანჯავიძის თქმით, შეუძლებელია, ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტი ზეპარტიული იყოს .
„ ხელისუფლება აღნიშნავს, რომ ცვლილებების შემდეგ, ქვეყანას ეყოლება ზეპარტიული პრეზიდენტი. ზეპარტიული პრეზიდენტი საიდან უნდა აღმოცენდეს? სამასმა ხმოსანმა უნდა აირჩიოს. კონსტიტუციური უმრავლესობა კვლავ ექნება ერთ პარტიას, ამისთვის უნდათ გაუნაწილებელი მანდატების წაღება. პრეზიდენტი ვითომ ზეპარტიული უნდა იყოს და ამ დროს, პრეზიდენტი ერთმა პარტიამ უნდა დანიშნოს. ეს შეურაცხმყოფელია. ამ ფორმით, ჩვენ ვერ მივიღებთ ზეპარტიულ პრეზიდენტს, ეს ტყუილია. როგორ შეიძლება ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტი იყოს ზეპარტიული?“- აღნიშნა მანჯავიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები