უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე საქართველოს ეწვევა

 უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბი საქართველოს მაისის თვის ბოლოს ეწვევა. ვერხოვნა რადას თავმჯდომარის ვიზიტის საორგანიზაციო საკითხები დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩმა, იგორ დოლგოვმა განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარეები ერთმანეთს ვარშავაშიც შეხვდებიან, სადაც 17-20 მაისს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ და იგორ დოლგოვმა მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, საქართველოსა და უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ორ ქვეყანას ბევრი საერთო გამოწვევა აქვს და მათთან გასამკლავებლად საქართველომ და უკრაინამ საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის, სხვადასხვა საპარლამენტო ფორუმზე კოორდინირებულად უნდა იმოქმედონ. ირაკლი კობახიძემ და იგორ დოლგოვმა აღნიშნეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაც. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები