„არჩეული პრეზიდენტი ერთადერთია, ვინც აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერი უნდა დააბალანსოს“ ​

„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ერთადერთია, ვინც აღმასრულებელი ხელისუფლება და პრემიერი უნდა დააბალანსოს.
„ქვეყანაში ერთადერთი ინსტიტუტი, რომელმაც უნდა დააბალანსოს პრემიერი და აღმასრულებელი ხელისუფლება, რჩება ხალხის მიერ პირდაპირი გზით არჩეული პრეზიდენტი. პრეზიდენტია ის პირი, რომელმაც სამი წევრი უნდა წარადგინოს უზენაეს სასამართლოში, სამი წევრი უნდა წარადგინოს საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა წარადგინოს წევრები მარეგულირებელ კომისიაში, უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება, უნდა ჰქონდეს უფლება, ქვეყანაზე შეირაღებული თავდასხმის შემთხვევაში, გამოსცეს დადგენილება საომარი მდგომარეობის შესახებ და წარუდგინოს პარლამენტს. ეს ყველაფერი მან უნდა განახორციელოს პირადი პასუხისმგებლობის ქვეშ. როდესაც ჩვენ კონსტიტუციაში ვტოვებთ ჩანაწერს, რომ ის არის სახელმწიფოს მეთაური, სახელმწიფოს მთავარსარდალი, ბუნებრივია, პიროვნული პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი, ჩვენ, მოქალაქეებს, უნდა გვანიჭებდეს ვალდებულებას, რომ ჩვენი არჩეული იყოს ის და არა რომელიმე პოლიტიკური გუნდის“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
​დიმიტრი ლორთქიფანიძემ კონსტიტუციის ახალ პროექტში გაწერილი მანდატების გადანაწილების წესი და მაღალი საარჩევნო ბარიერის ფონზე, ბლოკების აკრძალვის საკითხი გააკრიტიკა. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ხელისუფლებას დაავიწყდა, რომ სწორედ ბლოკის საშუალებით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება. ლორთქიფანიძის თქმით, თუკი ბლოკური სისტემა მავნეა პარტიული ინსტიტუციონალიზმის განვითარებისთვის, მაშინ აუცილებელია, საარჩევნო ბარიერი დაიწიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები