საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა კიდევ ათ ქალაქში გაიმართება

„საყოველთაო-სახალხო განხილვები გაგრძელდება რეგიონებში. შეხვედრები შედგება ათ სხვადასხვა რაიონში, მუნიციპალიტეტში. ეს სხვადასხვა კრიტერიუმით არის შერჩეული. ასევე, თბილისში გაიმართება ათი შეხვედრა რაიონების მიხედვით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის გაფართოებული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთი თვის განმავლობაში, შეხვედრები სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფთან გაიმართება. „22-23 მაისს კი კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით, შეხვედრა ბერლინში, ვენეციის კომისიისა და სხვა უცხოელი ექსპერტების, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება. „ამ ერთი თვის განმავლობაში შედგება შეხვედრები სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან, ასევე, გაიმართება შეხვედრები უნივერსიტეტებში, აკადემიური სექტორის წარმომადგენლებთან.
ბერლინში, 22-23 მაისს იმართება შეხვედრა ვენეციის კომისიის ექსპერტების, სხვა უცხოელი ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით. ასევე, ამ განხილვის ფორმატში შედგება შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. ამ ფორმატში გაგრძელდება განხილვა და საბოლოო ჯამში, ერთი თვის ამოწურვის შემდეგ, დასრულდება ეს განხილვა და შემუშავებული იქნება უკვე ის დოკუმენტი, რომელზეც გაგრძელდება მსჯელობა საქართველოს პარლამენტში”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, განხილვები ზესტაფონში, სამტრედიაში, სიღნაღში, ხულოში, მარნეულსა და ახალქალაქში, ოზურგეთში, ფოთში, ყაზბეგში, მესტიაში და თბილისში გაიმართება.
„გვაქვს შემდეგი მუნიციპალიტეტები განსაზღვრული: იმერეთში-ზესტაფონი და სამტრედია, კახეთში-სიღნაღი, აჭარაში-ხულო; მარნეული და ახალქალაქი – იმისთვის, რომ ეროვნულ უმცირესობებს გავაცნოთ დოკუმენტი ადგილზე; გურიაში – ოზურგეთი, ერთადერთი რეგიონული ცენტრი იყო ოზურგეთი, სადაც არ გამართულა შეხვედრა, სამეგრელო – ფოთი, ყაზბეგი და მესტია მაღალმთიანი რეგიონები და თბილისში თვის ბოლოსთვის შედგება ათი შეხვედრა რაიონების მიხედვით”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები