საპატრიარქო ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის საკითხს ეხმაურება

საქართველო საპატრიარქო ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის საკითხს ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საპატრიარქოსთვის გასაგებია ენერგეტიკის სამინისტროს პოზიცია, თუმცა მათივე აზრით, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.
,,მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოში მოვიდა და არსებული ვითარება გაგვაცნო. ერთი მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია, გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იმავე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.
უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ. დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.
ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.
ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში, რომელსაც უწმინდესი ილია მეორე აწერს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები