„ევროპის ონკოლოგიის სკოლამ“ ქართველი პროფესორი რემა ღვამიჩავა პირველად მიიწვია

„ევროპის ონკოლოგიის სკოლამ“ საქართველოდან პროფესორი რემა ღვამიჩავა მიიწვია. ამის შესახებ „კვირას“თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ღვამიჩავა ევროპის ონკოლოგიის სკოლამ პირველად მიიწვია, როგორც წამყვანი და მაღალი რეპუტაციის პროფესიონალი ლექტორი და ექსპერტი ონკოლოგიური ქირურგიისა და კიბოს პრევენციის სფეროებში.
უნივერსიტეტის ცნობით, ამ აღიარებას წინ უძღოდა „ევროპის ონკოლოგიის სკოლასთან“ რემა ღვამიჩავას თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში ჩატარდა 15-ზე მეტი სასწავლო კურსი და მასტერკლასი ონკოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით.
„ცნობილი ქართველი ონკოლოგის, თანამედროვე ქართული მედიცინის ინოვატორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, უნივერსალური სამედიცინო ცენტრის (ყოფილი პროფ. ა. ღვამიჩავას სახ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი) დირექტორის, „კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ და ჟურნალ „კლინიკური ონკოლოგიის“ მთავარი რედაქტორის, პროფესორ რემა ღვამიჩავას კიდევ ერთი აღიარების მოწმენი ვართ.
„ევროპის ონკოლოგიის სკოლამ“ (European School of Oncology), რომელიც ევროპის ლიდერი ორგანიზაციაა თანამედროვე ონკოლოგიური განათლებისა და ინოვაციის სფეროში, რემა ღვამიჩავას სახით, ორგანიზაციის ლექტორთა საბჭოში საქართველოდან პირველად მიიწვია პროფესორი, როგორც წამყვანი და მაღალი რეპუტაციის პროფესიონალი ლექტორი/ექსპერტი ონკოლოგიური ქირურგიისა და კიბოს პრევენციის სფეროებში. ამ პროფესიონალთა რიცხვი მხოლოდ 1000-ს აღწევს ევროპის მასშტაბით და აერთიანებს ონკოლოგიის სფეროში დასაქმებულ წამყვან ექიმებს. ეს ფაქტი, ასევე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, უნივერსალური სამედიცინო ცენტრისა და ზოგადად, საქართველოს დიდი აღიარებაა ევროპულ სამედიცინო სივრცეში!
ამ აღიარებას, წინ უძღოდა „ევროპის ონკოლოგიის სკოლასთან“ რემა ღვამიჩავას თანამშრომლობა (2004 წლიდან), რომლის განმავლობაში საქართველოში ჩატარდა 15-ზე მეტი სასწავლო კურსი და მასტერკლასი ონკოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით. პროფესიული კვალიფიკაცია აიმაღლა 70-ზე მეტმა ქართველმა ექიმმა. საზღვარგარეთ სტიპენდია მოიპოვა 6-მა ახალგაზრდა სპეციალისტმა. ამასთან, ESO-სთან საექსპერტო თანამშრომლობის შედეგად, დაინერგა სკრინინგის ახალი თანამედროვე მიმართულებები საქართველოში. რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, საქართველო უკვე გახდა „ევროპის ონკოლოგიის სკოლის“ მიერ აღიარებული ქვეყანა, სადაც უკვე 2005 წლიდან, ორგანიზაციის ეგიდით, რეგულარულად (ყოველწლიურად) იმართება რეგიონალური კონფერენციები და მასტერკლასები. 2017 წლის ოქტომბერში, თბილისში დაგეგმილია მორიგი მასტერკლასი ონკოლოგიაში.
„ევროპის ონკოლოგიის სკოლამ“, არსებობის 35-წლიანი ისტორიის მანძილზე, ფართოდ დაიმკვიდრა ლიდერი ინსტიტუციის რეპუტაცია ონკოლოგიური განათლების მიმართულებით. ორგანიზაცია 1982 წელს დაფუძნდა ცნობილი მედიკოსების, ვერონეზესა და დელდრაგოს მიერ კონკრეტული მიზნით, უზრუნველეყო კიბოთი სიკვდილიანობის შემცირება, დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გამო. ამ პროცესში სამედიცინო პროფესიონალების ონკოლოგიური განათლების განსაკუთრებული მნიშვნელობის გათვალისწინებით, ორგანიზაციას შემუშავებული აქვს ცოდნის გაზიარებისა და თანამედროვე მიღწევების ეფექტური საერთაშორისო სისტემა, რომელშიც ჩართულნი არიან მსოფლიოსა და ევროპის საუკეთესო პროფესიონალები“, – აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები