ბოლნისში, კონკურსის – „ჩემი ევროპული საქართველოს“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლამ, ელექტრონული წიგნების სახლმა „საბამ“ და ნატოს საინფორმაციო ცენტრმა ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების’’ დღე აღნიშნა.
როგორც „კვირას“ ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ელექტრონული წიგნების სახლის, ,,საბას“ დახმარებით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, ეროვნული უმცირესობების ჩართულობით, ესეების კონკურსი „ჩემი ევროპული საქართველო“ გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში, სულ 47 ესე დაიწერა, გამარჯვებულად კი სხვადასხვა ნომინაციაში 7 ესე დასახელდა, რომლის გამარჯვებულებიც პრემია ,,საბას’’ ლაურეატებისგან შემდგარმა სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. კონკურსი ევროპული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. გარდა ამისა, ნატოს საინფორმაციო ცენტრის რჩეული ყველაზე ევროპული ესე გამოვლინდა.
​ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი და სხვა მოწვეული საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ. გამარჯვებული ესეების ავტორებს სიგელები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გადასცეს, მონაწილეები კი სხვადასხვა სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე, რომელიც სოფელ ტანძიაში, სულხან-საბას სახლ-მუზეუმში აღინიშნა, პრემია „საბას“ ლაურეატმა ახალგაზრდა მწერლებმა ჟვანიას სკოლის მსმენელებისთვის კლასიკოსი მწერლების ევროპულ არჩევანზე ლექცია-დისკუსია გამართეს .
,,15 მაისი არის ,,წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დღე და მოხარულები ვართ, რომ სოფელ ტანძიაში ეს დღე ასეთი მასშტაბურობით აღინიშნა. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების მომსწრენი გავხდით.
კონკურსის თემატიკა ,,ჩემი ევროპული საქართველო“ პირდაპირ ეხმიანება სულხან-საბა ორბელიანის მოღვაწეობას, ვინაიდან სწორედ სულხანი იყო ის ქართველი დიპლომატი, რომელმაც 3 საუკუნის წინ სცადა დიპლომატიური ურთიერთობები დაემყარებინა ევროპასთან და საქართველო ევროპულ ოჯახში დაებრუნებინა. მინდა, მადლობა გადავუხადო ღონისძიების მთავარ ორგანიზატორს, ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლას იმისთვის, რომ ასე გულმოდგინედ უწყობს ხელს ეროვნულ უმცირესობებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში. სახელმწიფო ენის ცოდნა მათ ეხმარებათ, მიიღონ ის სიკეთეები, რომლებსაც სახელმწიფო სთავაზობს“,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები