რუსეთის საგარეო უწყება საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებული რისკების შეფასებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია, რუსეთის მოქალაქეების ყურადღება მიაპყროს იმ რისკების ზედმიწევნით შეფასებისგან, რაც დაკავშირებულია საქართველოში გამგზავრებასთან, – ამის შესახებ რუსეთის დიპლომატიური უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც უწყება საქართველოს ხელისუფლების მიერ მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის სპეციალურ სიაში შეყვანას ეხმაურება.

„ადგილობრივმა ხელისუფლებამ იური ლუჟკოვთან მიმართებით, გასაგები მიზეზების გამო, ვერ გაბედა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების რეალურად გამოყენება და საკუთარი „ვერდიქტი“ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მან „სტუმართმოყვარე საქართველო“ დატოვა. თუმცა, ბოლო წლებში, სამწუხაროდ, იყო სხვა შემთხვევებიც – რუსეთის მოქალაქეები ანალოგიურ სიტუაციაში არაერთხელ დაქვემდებარებიან ჯარიმებს და  თავისუფლების აღკვეთასაც კი“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსული მხარე საკუთარ მოქალაქეებს იმასაც ახსენებს, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვეტილია.

„ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც ქართულმა მხარემ გაწყვიტა, თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციას საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობები გააჩნია თანამოქალაქეთა დასაცავად“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ თბილისს პროვოკაციებში ადანაშაულებს, რაც მათი თქმით, ხელს უშლის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას. 

„ოფიციალური თბილისი განაგრძობს სისტემატურ პროვოკაციებს, რომელიც ძირს უთხრის რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესს. ძნელია რაციონალურად ასეთი ქმედების ახსნა – ქართულ-რუსულ ნორმალიზებას ხომ საგრძნობი მოგება მოაქვს ეკონომიკისა და საქართველოს მოქალაქეებისთის“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო უწყებაში. 

შეგახსენებთ, მოსკოვის ყოფილი მერი, რომელიც აფხაზეთში რუსეთის მხრიდან არაერთხელაა ნამყოფი და დარღვეული აქვს საქართველოს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, საქართველოს მაისის დასაწყისში სტუმრობდა. 

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, საქართველომ ლუჟკოვი სპეციალურ სიაში შეიყვანა და ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ვეღარ შეძლებს. 

წყარო: “პირველი არხი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები