საქართველოს პროკურატურა სტაჟიორთა მისაღებ კონკურსს აცხადებს

„საქართველოს პროკურატურამ სტაჟიორთა მისაღები კონკურსის მორიგი ეტაპი გამოაცხადა.
საკონკურსო განაცხადები (აპლიკაციები) დღეიდან მიიღება. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, პირი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს იურიდიული განათლება ან იმყოფებოდეს დამამთავრებელ კურსზე.
„აპლიკანტის ასაკი განსაზღვრულია 21 წლიდან ზემოთ.
თუ გსურთ გახდეთ საქართველოს პროკურატურის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ წარმოდგენილ მოთხოვნებს, აღნიშნული კონკურსი მიზნის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობაა. ბოლო წლების განმავლობაში, პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. დღეისათვის საქართველოს პროკურატურაში პროკურორების და გამომძიებლების 50%-ზე მეტი სწორედ სტაჟირების გზით არის დასაქმებული, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირები: მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები.
სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, საკონკურსო განაცხადი (აპლიკაცია) 2017 წლის 15 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდის – www.hr.gov.ge მეშვეობით უნდა წარმოადგინონ. სააპლიკაციო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: მოქალაქის პირადობის მოწმობა, დიპლომის ასლი (ან ცნობის ასლი ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე სწავლის შესახებ) და სერტიფიკატის ასლი პროკურატურის, მოსამართლის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შესახებ. საკვალიფიკაციო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, პირს არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობა. მისი წარდგენა აუცილებელი იქნება სტაჟირების ეტაპის წარმატებით გავლისა და დანიშვნის შემთხვევაში.
შესარჩევი კონკურსი 3 ეტაპად განხორციელდება და მოიცავს შემდეგ ძირითად საფეხურებს:
პროფესიული ტესტირება;
ტესტირება ზოგად უნარებში;
გასაუბრება.
ყველა საკონკურსო ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცემათ, გაიარონ 1 წლამდე ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს პროკურატურაში. ხელფასის ოდენობა ყოველთვიურად 480 ლარს შეადგენს, რასაც წინ უძღვის სტაჟიორთა მოსამზადებელი სასწავლო კურსი, რომელსაც საქართველოს პროკურატურის წამყვანი სპეციალისტები და მენეჯერები უძღვებიან. სტაჟირების კონკურსი ნებისმიერი მსურველისთვის არის საუკეთესო გზა, დასაქმდეს და განავითაროს საკუთარი კარიერა საქართველოს პროკურატურაში.
კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტი. დამატებითი ინფორმაციისათვის კონკურსანტებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ საქართველოს პროკურატურის ორგანოებში სტაჟირების გავლის კომისიის სამდივნოს ტელეფონის შემდეგ ნომრებზე:
240 52 40 / 240 52 07 / 595 07 53 17“, – ნათქვამი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები