პროკურატურა პატიმართა წამების საქმეზე დაკავებული, გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლებისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა მიმდინარეობს. სასამართლო სხდომა 11.00 საათზე დაიწყო. სხდომის დაწყებამდე, პროკურორმა ჟურნალისტებთან საქმის მასალებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პროკურატურა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. პროკურორ დავით ნეფარიძის განცხადებით, ამჟამად, საქმეში 7 პირია დაზარალებული, თუმცა შესაძლოა, დაზარალებულ პირთა რაოდენობამ მოიმატოს.
”ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის მიმართული აქვს 6 პირის მიმართ, რომლებიც გუშინწინ დავაკავეთ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე. რაც შეეხება ფაცაციას, რადგან იგი მსჯავრდებულია და 9 წელი აქვს მისჯილი, მის მიმართ არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების საფუძველი. საქმეზე 600-მდე პატიმარია დაკითხული, ნაწილი პატიმართა, ვინც დატოვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, არ იმყოფებოდა საქართველოში და სწორედ ამას უკავშირდება გარკვეულწილად ის, რომ მოხდა მათი გვიან გამოკითხვა. როგორც კი შეიქმნა დასაბუთებული ვარაუდი, დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. დღეის მდგომარეობით, მოცემულ საქმეზე 7 პირია დაზარალებული, თუმცა შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს”, – განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.
საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები – მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.
​მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N 8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები