კახა კალაძე: ხანდოს ხეობაში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს ვერავინ ვერ შეაჩერებს

„ხანდოს ხეობაში მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილება და მიმდინარე საპროტესტო აქციები მართულია“, – ასე მიაჩნია ვიცე-პრემიერს და ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს, რომელიც დღეს ხანდოს ხეობაში მოსახლეობას შეხვდა.
კახა კალაძემ ხანდოს ხეობაში გუშინ გამართული საპროტესტო აქციის უკან არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ დაასახელა.
თუმცა, ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს ხელს ვერავინ შეუშლის.
„ეს არის გარკვეული დაჯგუფება, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაა „მწვანე ალტერნატივა“, ვინც აბუნტებს გარკვეულ ადამიანებს და შეჰყავთ შეცდომაში, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის დამაზიანებელი. მინდა აღვნიშნო, რომ გადამცემი ხაზები მოსახლეობისგან დაშორებულია 100-150 მეტრით, არის ერთი კონკრეტული მონაკვეთი, სადაც 40 მეტრია დაშორება, ანუ ყველა სტანდარტში ჯდება, ასე რომ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს ვერავინ შეაჩერებს“, – აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ დუშეთის რაიონის, ხანდოს ხეობის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ტერიტორია მეწყერსაშიშია და სამუშაოები, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს დაკვეთით სრულდება, სოფლებს განადგურების საშიშროებას უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები