კომპანია „საქართველოს“ 4 დაზარალებული და ერთი ადვოკატი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის დროს დაკავებული, საფინანსო კომპანია „საქართველოს“ 4 დაზარალებული და ერთი ადვოკატი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
სხდომა, დაცვის მხარის შუამდგომლობით, 30 მაისამდე გადაიდო.
საქმის მასალების მიხედვით, პოლიციის თანამშრომლებმა მოსამართლეს წარუდგინეს ვიდეომასალა, სადაც მათი მტკიცებით, ასახულია დაკავებულების ბრალეულობა.
მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების შუამდგომლობა და მასალა საქმეს დაურთო.
ადვოკატების განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ იცნობდნენ საპატრულო პოლიციის მიერ წარმოდგენილ ვიდეომასალას, პროცესის გადადება იშუამდგომლეს გონივრული ვადით, რათა არ დარღვეულიყო შეჯიბრებითობის პრინციპი.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ოთხი მეანაბრე და ერთი ადვოკატი დააკავეს.
საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები აცხადებენ, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე დაკავება მათთვის გაუგებარი მიზეზების გამო მოხდა.
სამართლადამცველები მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები