საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების კომიტეტის“, ასევე, ჩინეთის ინდუსტრიულ-კომერციული ბანკის ICBC (Industrial and Commercial Bank of China)-ს მიწვევით იმყოფება.
ოფიციალური ვიზიტი ჩინეთის მხრიდან პეკინში, 14-15 მაისს, ფორუმში – „ერთი სარტყელი, ერთის გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ საპარტნიორო ფონდის მონაწილეობის მიღების მიზნით დაიგეგმა. რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივით იმართება. ფორუმს 110 ქვეყნის ოფიციალური პირი, 28 ქვეყნის სახელმწიფო ლიდერი, 92 ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 60-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტისა და 92 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრება.
საპარტნიორო ფონდის დელეგაცია პეკინში დაგეგმილ ვიზიტამდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხუპეის პროვინციას ესტუმრა და ამავე პროვინციის ქალაქ იჩანში გამართულ ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმის მთავარი ორგანიზატორი უმსხვილესი ჩინური ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „Huahe International”-ია, რომლის საპატიო კონსულტანტ-მრჩეველი 2015 წლიდან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა. ღონისძიებას ჩაის ინდუსტრიაში არსებული უმსხვილესი კომპანიები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, ჩინური ჩაის საერთაშორისო ბიზნესფორუმში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ჩაის კომიტეტის თავმჯდომარემ, იან გიბსმა.
ფორუმის გახსნით, ცერემონიალზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკური გარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა საპარტნიორო ფონდისა და მისი ჩინელი პარტნიორების მიერ საქართველოში ჩაის რეაბილიტაციის პროექტის შესახებ, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობაც 500 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ფონდის დელეგაციის წევრებმა ხუპეის პროვინციაში, მდინარე იანძის რეგიონში არსებული ჩაის პლანტაციები დაათვალიერეს. მოინახულეს Tsaihua Maojian-ის ჩაის საწარმო და ხუპეის პროვინციის მუზეუმი, ასევე, გაეცნენ Wufeng-ის ბიზნესპარკის საქმიანობას და დაესწრნენ Xin Ding Tea -ს წარმოების პროცესს.
პროვინციის ხელმძღვანელობის, ქალაქის მერიის და ბიზნესწრეებთან გამართულ შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში ჩაის წარმოების პოტენციალზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„ქართული ღვინის ჩინეთში ექსპორტის ხელშეწყობის“ პროექტის ფარგლებში ფონდის წარმომადგენლები რეგიონში ქართული ღვინის რეალიზაციის შესაძლებლობებით დაინტერესდნენ და შეხვედრები ღვინის სფეროში მომუშავე ადგილობრივ კომპანიებთან გამართეს.
საპარტნიორო ფონდის დელეგაციაში ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები გიორგი დანელია და ცისია ფანჩვიძე შედიან. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ჩინეთიდან ოფიციალური ვიზიტით სინგაპურს ეწვევა, სადაც შეხვედრებს საფინანსო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები