როსტომ ჩხეიძის ახალი ბიოგრაფიული რომანი „ტივისხე“ გამოვიდა

გამოვიდა როსტომ ჩხეიძის ახალი ბიოგრაფიული რომანი „ტივისხე“. როგორ „კვირას“ რომანი გამოიცა ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებისა და „ჩვენი მწერლობის“ თაოსნობით. წიგნი მხატვრულად გააფორმა თამარ მინაშვილმა.
ანოტაციაში ნათქვამია: „ტივისხე“ გიორგი შატბერაშვილის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. საერთოდ, გიორგი შატბერაშვილის სახელი როსტომ ჩხეიძის ჯერ მარტო ბიოგრაფიულ რომანებშიც გამოჩნდებოდა – უიმისოდ რაღაც მოაკლდებოდა თედო სახოკიას, პავლე ინგოროყვას, ვახტანგ ჭელიძისა თუ ოთარ ჩხეიძის ბიოგრაფიულ ქრონიკებს… მაგრამ ამასობაში აუცილებელი შეიქნებოდა მასზე ცალკეც შეთხზულიყო ბიოგრაფიული რომანი – გიორგი შატბერაშვილის დრამატული ცხოვრება საამისო მასალას უხვად იძლეოდა, მით უმეტეს, რომ საზოგადოებრივ და სამეცნიერო-ლიტერატურულ მიმოქცევაში შემოვიდოდა მისი დაპატიმრების ოქმები და გარემოებანი ბონდო არველაძის ძიებების წყალობით.
საჯილდაო ქვის მეტაფორა გიორგი შატბერაშვილმა დაამკვიდრა სალიტერატურო ენაშიც და მწერლურ მისწრაფებაშიც. თვითონ კიდეც ასწია თავისი საჯილდაო ქვა, მოთხრობითაც „მკვდრის მზე“, პოემითაც – „ზაფხულის ღამის ქრონიკა“ და „თვალადური ქართულის ჭაშნიკითაც“, რომელიც აღიარებული გახლდათ სულხან-საბა ორბელიანის, იოსებ გრიშაშვილისა თუ თედო სახოკიას სიტყვართა უშუალო ჩამომავლად, როსტომ ჩხეიძის მტკიცებით კი სულაც პოსტმოდერნისტული რომანია, თედო სახოკიას „ქართული ხატოვანი სიტყვა-თქმანისა“ არ იყოს და, თავისთავადი მეცნიერული ღირებულების გარდა, უნდა განიხილებოდეს მილორად პავიჩის „ხაზარული სიტყვისკონის“ გვერდითაც, როგორც სრულფასოვანი პოსტმოდერნისტული რომანი.
და კიდევ: გიორგი შატბერაშვილი იყო ის პიროვნება, რომელიც ჯოჯოხეთური რეჟიმის პირობებში, ინარჩუნებდა ზნეობის უწყვეტობას. მისი წინაპარი ზებედე შატბერაშვილი გვერდით ედგა ალექსანდრე ბატონიშვილს, საქართველოში ფარულად შემოსული კიდევ ერთხელ რომ გაიბრძოლებდა დამხობილი სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, ზებედეს შთამომავალს კი უნდა შეენარჩუნებინა ის იდეალები, რომელსაც შეეწირებოდა ლეგენდაში გადანაცვლებული უფლისწული. ეს ლეგენდაც კი უნდა გაეცოცხლებინა გიორგი შატბერაშვილს, სანდრო ახმეტელის დავალებით… და თუმც დატუსაღება-გადასახლება ხელს შეუშლიდა „მერანისებური“ პიესის შექმნას ისკანდერ ბატონიშვილზე, ანდერძად დაგვიტოვებდა ამ სულისკვეთების განსხეულებას ლიტერატურის ყველა ჟანრში, თვითონ გული რომ ვერ შეეჯერებინა ვერცერთით და ყველას დააჩნევდა საგულისხმო კვალს, ახალი დროის სულხან-საბაობასაც წარმატებით რომ გაართმევდა თავს.“
R
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები