შსს: სამინისტრო მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, იური ლუჟკოვის საქართველოში ყოფნაზე გამოძიება დაეწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, საზღვრის კვეთის მომენტისთვის იური ლუჟკოვის პასპორტში არ აღინიშნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის მონაცემი.
შსს-ს ცნობით, ლუჟკოვი ქვეყანაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მიკროავტობუსით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „სადახლოს“ გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა.
„შესაბამის ბაზაში, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორმა იგი დაუბრკოლებლად გამოატარა საზღვარზე.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იური ლუჟკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის დამადასტურებელი, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, საქართველის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ბოლოჯერ ყოფნის თარიღად 2010 წელს მიუთითებს.
ამასთან, ცნობის გავრცელების მომენტისთვის, 2010 წელს, იური ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა. საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევით ყოფნა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხანდაზმულობის ვადად დადგენილია 6 წლიანი პერიოდი.
შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გამო, შსს დღეს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები