ირაკლი კობახიძის შეფასებით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა წარმატებით დაიწყო

 

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით,  კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა წარმატებით დაიწყო. როგორც კობახიძემ ქუთაისში, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, შემდეგი განხილვები ასეთივე გახსნილ და ღია ფორმატში გაგრძელდება.
„ჩვენ დავიწყეთ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა იმერეთის და ქუთაისის წარმომადგენლებთან. ძალიან კარგად დაიწყო ჩვენი განხილვა საყოველთაო-სახალხო ფორმატში. ვისაუბრეთ პრაქტიკულად ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებებთან, გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი დისკუსია ყველა საკითხზე, დაწყებული საპარლამენტო და  საპრეზიდენტო არჩევნებით, დამთავრებული ისეთი საკითხებით, რომლებიც ეხება ადამიანის უფლებებს და ა.შ. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთივე გახსნილ და ღია ფორმატში გაგრძელდება ეს განხილვა. წარმოდგენილი იყვნენ დღევანდელ შეხვედრაზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები. ეს ჩანდა დარბაზის შემადგენლობიდან. იყო ძალიან დაბალანსებული გარემო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის,რომ შედგეს ობიექტური მსჯელობა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვთქვით არაერთხელ, რომ ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი. ჩვენ ვართ პირნათელი საზოგადოების წინაშე, როცა ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ეს დადასტურდა დღევანდელ განხილვაზეც. ჩვენ ვამბობდით, რომ ოპონენტებს არ აქვთ მყარი კონტრარგუმენტები არცერთ საკითხთან დაკავშირებით, არც საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი დადასტურდა დღევანდელ შეხვედრაზე და ამის მოწმე იყო ფართო საზოგადოება”-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, წარსული გამოცდილებისგან განსხვავებით, ყველა მხარეს ჰქონდა კითხვების ღიად დასმის საშუალება.
„კონსტიტუცია მოიცავს ბევრ საკითხს, მათ შორის, თვითმმართველობის საკითხებსაც, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ დღევანდელ შეხვედრაზე. თუმცა, აქ საუბარია პროპორციაზე, პროპორცია იყო დაცული, ფართო საზოგადოება იყო წარმოდგენილი, ყველას ჰქონდა კითხვების ღიად დასმის საშუალება. გვახსოვს, რომ წარსულში სრულიად სხვა პრაქტიკა იყო ამასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო განხილვები წარიმართებოდა ისე, რომ პრაქტიკულად ოპონენტების მოსაზრებები არ ისმოდა ამ ფორმატში. დღეს  ყველას გვქონდა იმის საშუალება, რომ თავისი კითხვები დაესვა, ყველანაირი ფორმით, მათ შორის, მწვავე ფორმით და ჩვენ  გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი დისკუსია. აბსოლუტურად დაბალანსებული იყო დღევანდელი შეხვედრა ამ კუთხით. ამას ბუნებრივია, ყველა დაადასტურებს”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველა მოსაზრება, რომელიც შეხვედრაზე გამოითქვა, აუცილებლად იქნება დაფიქსირებული და შემდეგ უკვე საპარლამენტო ფორმატში მოხდება ამ საკითხების განხილვა. „საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიიღებს პარლამენტი იმ განხილვის შედეგების გათვალისწინებით, რომელიც დღეს წარიმართა”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას სწორად აწვდის  საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ციფრებს და რიცხვებს, ხოლო რაც შეეხება ოპონენტებს, ისინი მარტივად ცდილობენ მანიპულირებას იმ ციფრებით, რომლებზეც ისინი საუბრობენ.
„როდესაც მათემატიკაზე ვერ თანხმდები, ბუნებრივია, პოლიტიკაზე მით უმეტეს ვერ შეთანხმდები. ჩვენს ოპონენტებს აქვთ თავიანთი პითაგორას ტაბულა, თავიანთი მათემატიკური მოდულები, თავიანთი განტოლების ამოხსნის ფორმულები. ჩვენ გვაქვს ის მათემატიკა, რომელსაც იზიარებს სრულიად მსოფლიო და ამ მათემატიკას დაადასტურებს ვენეციის კომისია უახლოეს მომავალში. ჩვენ სწორად ვაწვდით საზოგადოებას კონკრეტულ ციფრებს და რიცხვებს, რაც შეეხებათ ოპონენტებს, ისინი მარტივად ცდილობენ მანიპულირებას იმ ციფრებით, რომლებზეც ისინი საუბრობენ”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში შეხვედრები 11 ქალაქში, მათ შორის თბილისში გაიმართება. საყოველთაო-სახალხო განხილვების მეორე ეტაპზე კი, ეს ფორმატი კიდევ უფრო გაიშლება იმისთვის, რომ  მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში.
ირაკლი კობახიძემ შეხვედრის შეფასებისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპონენტებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიიის მიერ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით შეთავაზებულ მოდელთან დაკავშირებით პოლიტიკური და იურიდიული კონტრარგუმენტები  არ აქვთ.
„მე თვითონ დავრწმუნდი იმაში, რომ ჩემი არგუმენტები არის მყარი, იქიდან გამომდინარე, რომ ვერც ამ შეხვედრაზე ვერცერთი მყარი კონტრარგუმენტი ვერ მოვისმინე საპირისპირო პოზიციასთან დაკავშირებით, ვერცერთი მყარი არგუმენტით ვერ ასაბუთებენ ჩვენი ოპონენტები, თუ რატომ შეიძლება იყოს მიზანშეწონილი საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპული გამოცდილებით, ჩვენ ვსაუბრობთ სისტემის ლოგიკით. ამასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები და ასეთი პოლიტიკური, იურიდიული კონტრარგუმენტები არ აქვთ ოპონენტებს. ეს არის რეალობა. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი. ჩვენ ვაყალიბებთ მთლიანობაში ერთ სისტემას. ეს არის სისტემა, სადაც არის მკაფიოდ დანაწილებული ფუნქციები ხელისუფლების შტოებს შორის: ეს არის ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო. დღევანდელ რეალობაში, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი არის ძალიან სუსტი და ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ამ ცვლილებების არის ის, რომ პარლამენტი თვისებრივად ძლიერდება, და ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ამ სისტემის არის ზეპარტიული პრეზიდენტი და სწორედ პრეზიდენტის ზეპარტიულობას ემსახურება მათ შორის პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა უამრავი არგუმენტი, ვერცერთი მყარი კონტრარგუმენტი ჩვენ ვერ მოვისმინეთ”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები