ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოდგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, რაც რჩება ძალაში

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოდგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში და ახალი რედაქციით ეს სამივე ნიშანი რჩება ძალაში.
თუმცა, როგორც კობახიძემ ქუთაისში, საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვაზე განაცხადა, ეს სტატუსები სპეკულაციისთვის და მანიპულაციებისთვის ძალიან ხშირად გამოიყენებოდა.
”რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის საკითხის კონსტიტუციურ მოწესრიგებას, უამრავი სპეკულაცია იყო. ამბობდნენ, რომ თითქოს ერთადერთი მიზანი ამ საკონსტიტუციო რეფორმის იყო პრეზიდენტის სტატუსის შეზღუდვა, მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა. ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ყველა კითხვის ნიშანი არის მოხსნილი. რაც შეეხება სტატუსს: დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმოდგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში. ეს არის სამი ძირითადი ნიშანი პრეზიდენტის სტატუსის. ეს სამივე ნიშანი რჩება ძალაში, ანუ როგორც იყო მოწესრიგებული პრეზიდენტის სტატუსი მოქმედი რედაქციით, ასევე იქნება ახალი რედაქციითაც. აქ ერთ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება: ძალიან ხშირად გამოიყენებოდა ეს სტატუსები სპეკულაციისთვის და მანიპულაციებისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, ჩანაწერი – სახელმწიფოს მეთაური, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მართავს ქვეყანას, ხშირად მანიპულაციის საგანი ხდებოდა.
”მაგალითად, სახელმწიფო მეთაურის შესახებ საზოგადოებას ისე აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ თითქოს პრეზიდენტმა უნდა მართოს ქვეყანა. სახელმწიფოს მეთაური ჰქვია პრეზიდენტს ყველა სახელმწიფოში. არ არსებობს პრეზიდენტი ან მონარქი, სადაც მას არ ეწოდება სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტი მართავს ქვეყანას და არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. ჩანაწერი “სახელმწიფოს მეთაური”  არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი მართავს ქვეყანას. არსებული კონსტიტუციითაც და ახალი რედაქციითაც, ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ მთავრობა. ქვეყანას მართავს მთავრობა, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, პრეზიდენტი არ არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე და ამასთან დაკავშირებით, იყო უამრავი მანიპულაცია და სპეკულაცია”, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება მთავარსარდლის სტატუსს, კობახიძის თქმით, საპარლამენტო სისტემებში, მათ შორის საქართველოში, პრეზიდენტს არ ექვემდებარება სამხედრო ძალები.
”რაც შეეხება მეორე ნიშანს, ეს არის უმაღლესი მთავარსარდალი. ეს კიდევ უფრო ხშირად გამოიყენებოდა მანიპულირებისთვის, სპეკულირებისთვის. ისე წარმოაჩენდნენ ამ ჩანაწერსაც, რომ საქართველოს პრეზიდენტი თითქოს მმართველია სამხედრო ძალების. არც დღეს და არც ხვალ საქართველოს პრეზიდენტი არ იქნება პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე. რაც შეეხება უმაღლეს მთავარსარდალს, არის ორად ორი ქვეყანა დემოკრატიულ სივრცეში, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ ეწოდება უმაღლესი მთავარსარდალი. ასეთი ქვეყნებია გერმანია და ნიდერლანდები, ყველა სხვა ქვეყანაში მეფეს, დედოფალს, პრეზიდენტს ეწოდება უმაღლესი მთავარსარდალი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მეთაური თვითონ მართავს სამხედრო ძალებს. საპარლამენტო სისტემებში, მათ შორის საქართველოში, პრეზიდენტს არ ექვემდებარება სამხედრო ძალები. პრეზიდენტმა დავალება რომ მისცეს სამხედრო ძალებს, ეს ბრძანება ვერ შესრულდება, რადგან მოქმედებს სუბორდინაციის სისტემა – სამხედრო ძალები არის მთავრობის და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. აქაც იყო უამრავი სპეკულაცია, არასწორად წარმოაჩენდნენ ამ სტატუსსაც და ადვილია ასეთი თემებით სპეკულაცია”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, იგივე ეხება წარმომადგენლობით ფუნქციასაც, რაც ხშირად გამხდარა სპეკულაციის საგანი.
”არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ აქვს მინიჭებული წარმომადგენლობითი სტატუსი. აქაც ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს მეთაურს აქვს უპირატესი უფლება, მინიჭებული წარმომადგენლობითი კუთხით. საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ვერც ერთი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ვერ განხორციელდება, თუ არ არის მთავრობის თანხმობა. აქაც იყო სპეკულაციები და სპეკულაციები დარჩება სპეკულაციებად”, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები