ირაკლი კობახიძე: გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით ხალხის მოტყუებას მათემატიკაში ცდილობდნენ – როგორც ჩანს, დაბალი წარმოდგენა აქვთ მოსახლეობის მათემატიკურ უნარებზე

“გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით, ათასგვარი სპეკულაცია იყო, მათ შორის იტყუებოდნენ ციფრებში – ხალხის მოტყუებას მათემატიკაში ცდილობდნენ, როგორც ჩანს, ჩვენი მოსახლეობის მათემატიკურ უნარებზე დაბალი წარმოდგენა აქვთ”, – აღნიშნული განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის სახალხო-საყოველთაო განხილვისას, ირაკლი კობახიძემ იმ წესთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ყველა გადაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატს არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია წაიღებს.
ამას კობახიძე ”ბონუსს” უწოდებს და როგორც განმარტავს, ბონუსის მოცულობა, ბოლო ხუთი არჩევნების მიხედვით, საშუალოდ 5% იქნებოდა, ხოლო ბოლო ოთხი არჩევნების მიხედვით – 3.1%. მისივე თქმით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დაკარგული ხმების მაჩვენებელი მაღალი იყო და ბონუსი 8% იქნებოდა.
კობახიძის განცხადებით, ეს არის მინიმალური დანამატი არჩევნებში გამარჯვებული პარტიისათვის, რათა მინიმალურ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი მეტი სტაბილურობა საპარლამენტო ცხოვრების.
”პროპორციული საარჩევნო სისტემა პლურალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, თუმცა ვიცით და ნებისმიერ სახელმძღვანელოში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ პროპორციულ სისტემას აქვს თავისი რისკები და ნაკლოვანებები, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ პროპორციული სისტემის პირობებში, შედარებით დაბალია გარანტიები სტაბილურობისათვის. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილია მექანიზმები, რომ პლურალიზმთან ერთად, უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა. ამისთვის კონსტიტუციის ახალ რედაქციაში წარმოდგენილია ორი ძირითადი ელემენტი – ეს არის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. პარტიებისთვის 5%-ანი საარჩევნო ბარიერის დადგენა აპრობირებული პრაქტიკაა, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირის ქვეყნების დაახლოებით 40%-ში პოლიტიკური პარტიებისთვის 5%-იანი ბარიერი მოქმედებს. საქართველოში ამ რეგულაციის დაწესება სრულად შესაბამისობაშია კონსტიტუციის სამართლის პრინციპებთან. ამ ყველაფრის გაკეთება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ იყოს გარკვეული ხარისხით სტაბილურობა პროპორციული სისტემის პირობებში. არის მეორე ელემენტი – ე.წ. ბონუსი, რომლის თანახმადაც, ის ხმები, რომელიც არ ნაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე, გამარჯვებულ პარტიაზე გადადის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები