პროკურორი: სოსო ოხანაშვილს ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი საქმესთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით დაიკითხა და მას საზღვრის გადაკვეთის უფლება ჰქონდა.
როგორც წიკლაურმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით, ოხანაშვილს შეზღუდვები არ ჰქონია.
სოსო ოხანაშვილმა საქართველოს საზღვარი რამდენიმე დღის წინ გადაკვეთა. როგორც „კვირას“ ოხანაშვილმა განუცხადა, ის საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს. იგი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყანაში იმყოფება. მისი თქმით, რამდენიმე სახელმწიფოში სამსახურებრივი შეთავაზება აქვს და მისი გამგზავრება სწორედ ამას უკავშირდება.
„სამსახურებრივი შემოთავაზებები მაქვს რამდენიმე ქვეყანაში და ამ საკითხებზე ვმუშაობ. ჯერ არ ვაპირებ დაბრუნებას. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, დავბრუნდები“, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს განიხილავს, რომელზეც მხარეები კონკრეტულ შუამდგომლობებს დააყენებენ და მტკიცებულებებს წარადგენენ.
ცნობილია, რომ პროკურატურა სასამართლო პროცესის დახურვას მოითხოვს.
10 თებერვალს მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. მთავარმა პროკურატურამ გამოძიება ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები