პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

როგორც “კვირას” საკანონმდებლო ორგანოდან აცნობეს, “სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოსამსახურის მიღების წესსა და პირობებს ახალი სახით აყალიბებს კანონპროექტი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა. პროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები თამარ ხულორდავა და ანრი ოხანაშვილი.
საკომიტეტო განხილვის დროს კანონპროექტში ერთი ცვლილება შევიდა, კერძოდ: მოსამსახურე, რომელიც გამოსაცდელი ვადის პერიოდში მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში გაივლის, ამ პერიოდში სამსახურში საქმიანობას სპეციალური უფლებამოსილი პირის ზედამხედველობის ქვეშ განახორციელებს. კანონპროექტის თანახმად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მოსამსახურეთა მიღების ახალი წესი ყველა პირს თანაბრად მისცემს სამსახურში დასაქმების შესაძლებლობას და ხანგრძლივი საკონკურსო პერიოდის ნაცვლად, შესთავაზებს გაცილებით მოქნილ მექანიზმს, რომლითაც პირს შეეძლება დასაქმების თხოვნით პირდაპირ სამინისტროს მიმართოს.
მოსამსახურეს დანიშვნისთანავე მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება, რაც კადრების მოზიდვის და შენარჩუნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს წარმოადგენს. დღეს მოქმედი რედაქციით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამუშაოდ მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას და შეირჩევა კონკურსის საფუძველზე.
კანდიდატი დადგენილ ვადაში გადის სავალდებულო სპეციალური პროფესიული მომზადების (სასწავლო) კურსს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში, რის შემდეგაც აბარებს გამოცდას. გამოცდის შედეგების მიხედვით კი მას ეძლევა შესაბამისი დონის სერტიფიკატი, ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება და მხოლოდ ამის შემდგომ ინიშნება სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე.
წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, უმჯობესდება იმ პირთა მდგომარება, რომლებიც მუშაობას პენიტენციურ სამსახურში იწყებენ, კერძოდ, სასწავლო კურსების გავლის პარალელურად, მათ მიეცემათ შესაძლებლობა შეუდგნენ სამსახურებრივი ფუნქციების განხორციელებას, მიიღონ შესაბამისი თანამდებობრივი სარგო და მუშაობის პერიოდი ჩაეთვალოთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ნამსახურებად.
შემოთავაზებული ცვლილება სამინისტროს მისცემს მოსამსახურის უნარებისა და მუშაობის ხარისხის უკეთ შეფასების შესაძლებლობას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. აღნიშნული ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სპეციალური პენიტენციური სამსახური მიიღებს მომზადებულ კადრს, რომელსაც თეორიულ ცოდნასთან ერთად ექნება შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილება.
ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს ასევე, სერტიფიცირებისა და სასწავლო კურსების გავლის პროცესის დახვეწას. კანონპროექტის მიღების შემდგომ, სამინისტროს სასწავლო ცენტრი შეიმუშავებს სასწავლო კურსების ორდონიან პროგრამას,რომლის მიხედვითაც რიგითები და ოფიცრები გაივლიან სხვადასხვა სახის სწავლებას. რიგითებისათვის განკუთვნილი სასწავლო კურსები იქნება საბაზისო საკითხების მომცველი, ხოლო ოფიცრებისათვის განკუთვნილი სწავლება – უფრო სიღრმისეულ და სპეციფიკურ საკითხებზე გათვლილი.
აღნიშნულით, თითოეულ მოსამსახურეს მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მისი უშუალო ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ცოდნა, რითაც დაიხვეწება სწავლების მეთოდი და დაინერგება ინდივიდუალური მიდგომა სხვადასხვა რანგის თანამშრომლის მიმართ”.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები