„ქვეყანაში უცხო ქვეყნის ბაზების განთავსება და მიწის უცხოელებზე გასხვისება უნდა აიკრძალოს“- მემარცხენეებმა სარეფერენდუმო კომისიას მიმართეს

„მემარცხენე ალიანსმა“ მიწების უცხოელებზე გასხვისების საკითხთან დაკავშირებით, სარეფერენდუმო კომისიას წინადადებით მიმართა და რეფერენდუმის გამართვის მიზნით, ხელმოწერების შეგროვების უფლება ითხოვა.
როგორც პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თუ სარეფერენდუმო კომისია მათ ამ უფლებას არ მიანიჭებს და ხელმოწერების შეგროვების უფლებას არ მისცემს, ისინი უზენაეს სასამართლოს მიმართავენ. ძაგანიას თქმით, პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადატანას. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები კი, მისი თქმით, სასოფლო სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისების და ქვეყანაში უცხო ქვეყნის ბაზების განთავსების აკრძალვაა.
„შექმნისთანავე ,საკონსტიტუციო კომისიას მივმართეთ რამდენიმე წინადადებით, რომ კონსტიტუციაში შესულიყო ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, უმუშევართა დაფინანსება, რომ შემწეობა საარსებო მინიმუმის ტოლი ყოფილიყო. კიდევ ერთი საკითხი იყო მიწის უცხოელებზე მიყიდვის და საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსების აკრძალვა. სამწუხაროდ არცერთი საკითხი არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო კომისიამ და კონსტიტუციაში შეიტანა პოლიტიკურ და სამართლებრივ სინამდვილეში არაკონსტიტუციური დებულება, ეს არის საქართველოს თითქოსდა სწრაფვა ევროატლანტიკური მიმართულებისკენ. ეს არცერთი ქვეყნის არცერთ კონსტიტუციაში არ არის. დღეს პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ უფრო მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებზე გადატანას. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია, მიწის უცხოელებზე გასხვისების და ქვეყანაში უცხო ქვეყნის ბაზების განთავსების აკრძალვა. ამიტომაც ორი კვირის წინ მივმართეთ სარეფერენდუმო კომისიას. კითხვა არის ასეთი: ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოს სასოფლო სამეურნეო მიწები გასხვისდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე? ხალხმა გადაწყვიტოს, გავყიდოთ თუ არა ჩვენი ქვეყანა. თუ ამ საკითხზე მოსახლეობამ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა, იძულებული იქნებიან რეფერენდუმის შედეგები გაითვალისწინონ და მიწების უცხოელებზე გაყიდვა აკრძალონ. სარეფერენდუმო კომისიას ერთი თვის ვადა აქვს პასუხისთვის. თუ სარეფერენდუმო კომისიამ არ მოგვცა უფლება რომ ამ საკითხის ლობირებისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვება დავიწყოთ, მაშინ ჩვენ გვაქვს 5–დღიანი ვადა, რომ პირდაპირ უზენაეს სასამართლოში გავასაჩივროთ სარეფერენდუმო კომისიის უარი“- განაცხადა კახა ძაგანიამ.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ძაგანიას თქმით, კონსტიტუციის მიხედვით იმდენად უუფლებოა პრეზიდენტი, მას პარლამენტი აირჩევს თუ ხალხი აირჩევს პირდაპირი გზით, თუ ეზოში აირჩევენ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები