„ნაცმოძრაობამ“ კონსტიტუცია დაჩეხა და დაამახინჯა, კონსტიტუციის დამცველებად მათი წარმოჩენა არასერიოზულია”

მოძრაობის “დაიცავი კონსტიტუცია” ფარგლებში, ოპოზიციური პარტიების დეკლარაციას „ეროვნული ფორუმი“ არ უერთდება. როგორც პარტიის წარმომადგენელმა, ანი მიროტაძემ პორტალ „კვირას” პრესკლუბში განაცხადა, კონსტიტუციის წარმოდგენილი რედაქცია სხვა პარტიების მსგავსად, მათთვისაც არაა მისაღები, თუმცა არ აპირებენ ამ კუთხით პარტნიორობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, იმ ძალასთან, რომელმაც მიროტაძის თქმით, კონსტიტუციას დამართა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა მისთვის გაეკეთებინათ. პარტია „ეროვნული ფორუმი“ გეგმავს, უახლოეს ხანებში საზოგადოებას, კონსტიტუციის დაცვის საშუალებების და ქვეყნის განვითარების შესახებ საკუთარი ხედვები წარუდგინოს.
„ კონსტიტუციის დაცვასთან დაკავშირებით, რამდენიმე პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ კონსტიტუციის დაცვის ყველა პროცესი მნიშვნელოვანია, თუმცა „ეროვნულ ფორუმს“, თავის პარტნიორებთან ერთად, თავისი პოზიცია ექნება და ამის შესახებ საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ამ ფორმით და ამ რედაქციით კონსტიტუციის მიღება არ მოსწონს არავის. ეს არ არის დემოკრატიული განვითარების გზა, თუმცა „ეროვნული ფორუმი“ ფიქრობს, რომ არ შეიძლება და არასერიოზულია იმ ადამიანების კონსტიტუციის დამცველებად წარმოჩენა, ვინც არცთუ ისე დიდი ხნის წინ, კონსტიტუციას დამართა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა დაემართა. ჩვენ არ მოგვწონს ეს რედაქცია , თუმცა პარტნიორობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელმაც დაიწყო კონსტიტუციის დამახინჯების, ამოჭრის,დაჩეხვის პროცესი, რომელიც მოგვიანებით წარმატებით გააგრძელა „ქართულმა ოცნებამ“, შედეგის მომტანი ვერ იქნება. ჩვენ შევთავაზებთ საზოგადოებას, როგორ დავიცვათ ჩვენი კონსტიტუცია, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიული განვითარების გარანტია ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა ანი მიროტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები