ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეზე სასამართლოს ჩვენება კიდევ ერთმა მოწმემ მისცა

ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა – პროცესზე პროკურატურის მოწმე ბეგლარ ყიფიანი დაიკითხა. მისი განცხადებით, ბიძინა ნიჟარაძე, რომელიც ტელეკომპანიის ლიცენზიას ფიქტიურად ფლობდა, 2004 წელს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილე იყო. მოწმის თქმით, ნიჟარაძემ ლიცენზია, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახლობელს, სოსო მგელაძეს გადასცა.
„სოსო მგელაძემ მითხრა, შეიძლება, დაკითხვაზე დაგიბარონ და გაიხსენე, რომ ასეთ გარიგებაში შენ მონაწილეობდი და ბიძინა ნიჟარაძესაც შენ შემახვედრეო, მაგრამ ვუთხარი, რომ მსგავსი ფაქტი არ მახსოვს,“ – აღნიშნა ყიფიანმა.
პროკურორ ემზარ გაგნიძის თქმით, მოწმე ბეგლარ ყიფიანმა სასამართლოზე გააბათილა იოსებ მგელაძის მიერ გამოძიებაში მიცემული არაზუსტი ჩვენება.
„ბეგლარ ყიფიანმა დაადასტურა, რომ იოსებ მგელაძეც ერთ-ერთი ფიქტიური შემძენი იყო და ლიცენზიაში თანხა რეალურად არ გადაუხდია. მოწმემ, ასევე, გამორიცხა, რომ მან დააკავშირა იოსებ მგელაძე ბიძინა ნიჟარაძეს, რა ვერსიაც მგელაძემ გამოძიებისას განავითარა,“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორმა.
შეგახსენებთ: ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს და მის მოადგილეს, გიორგი ლაცაბიძეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა.
ტელეკომპანია „იბერიას“ დახურვისა და ლიცენზიის იძულებით ჩამორთმევის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 17 მაისს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები