პროკურატურა ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციას მასპინძლობს, რომელსაც ყაზახეთის გენერალური პროკურორი ჟაკიპ ასანოვი ხელმძღვანელობს. საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა და უწყებებს შორის მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილებების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც მთავარ პროკურორთან ერთად მთავარი პროკურორის მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებიან, ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურის სისტემისა და ფუნქციების, უწყებაში ბოლო პერიოდში გატარებული ძირითადი რეფორმების – კერძოდ მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესის, პროკურორთა კონფერენციის, საპროკურორო საბჭოს და ე.წ ,,ad hoc” პროკურორის ინსტიტუტის შესახებ.
უწყების ცნობით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები სტუმრებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ძირითად პრინციპებსა და დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესის შესახებ. საუბარი შეეხება ასევე უწყებაში დანერგილი გამოძიების ელექტრონული საქმის წარმოების პროგრამას.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციისთვის, რომელშიც გენერალური პროკურორის მოადგილე, ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ყაზახეთის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ანტიკორუფციული ბიუროს შტაბის უფროსის მოადგილე და ყაზახეთის გენერალური პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები შედიან, განხილული და სტუმრებისთვის მათივე ცნობით, გაზიარებული იქნება საქართველოს პროკურატურის მიღწევები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივების დაბრუნების მექანიზმის, საჯარო და პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესის, საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების სისტემისა და თანამშრომელთა მიღების გამჭვირვალე წესისა და ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების ძირითადი საკითხები.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება და ყაზახეთის რესპუბლიკის პროკურატურის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები