ფოტორეპორტიორის განცხადებით, სამართალდამცველები მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ

ფოტორეპორტიორ ზურაბ ქურციკიძის განცხადებით, მოდულის შენობაში დაკავების დროს, მას გაუპატიურებით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ ქურციკიძემ სასამართლო პროცესზე დაკითხვისას განაცხადა.
მისი თქმით, მასზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
“ჩემზე ხორციელდებოდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და აგრეთვე, დავით დევნოზაშვილი, სხვა ფიგურანტებთან ერთად, მეუბნებოდა, რომ თუ აღიარებ ჩვენებას, სახლში წახვალ, თუ არადა, ციხეში ჩალპებიო. სულ მახსოვს 4 ფიგურანტი, მათ შორის იყო “ოქროს ჯაჭვიანი” პირი. ძირითადად, იყო მუქარა, თუ არ აღიარებ, მოკვდებიო. გედენიძე და ალავიძე შენ გადებენ ხელსო. ყველაფერი შენს წინააღმდეგ არისო”, – განაცხადა ქურციკიძემ.
პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წლის 6 ივნისს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის და ირაკლი გედენიძის დაკავება გამოგონილი ჯაშუშობის ბრალდებით მოხდა და მათზე ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო მოხდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 მარტს “ფოტორეპორტიორების საქმეზე” ბრალდებული შსს-ს კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულია სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების დირექტორი ალექსანდრე მუხაძეც, რომელიც ამ დროისთვის ძებნაშია.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ “ფოტორეპორტიორების საქმეზე” ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი დააკავა, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის, ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები