ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, უფასო ტრენინგები იწყება

იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მასშტაბით, უპრეცედენტო ტრენინგების კურსს იწყებს − იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობის თემაზე 6 თვის განმავლობაში, უფასო ტრენინგებს ჩაატარებენ.
სლოგანით „იმოქმედე“ იუსტიციის სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას აწარმოებს და უფასო ტრენინგებიც მის ფარგლებში ტარდება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სოციალური კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება და ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების გააქტიურება. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კამპანიის პრეზენტაცია მიმდინარე წლის თებერვალში გამართა.
უწყების ცნობით, კამპანიის მიზანი საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებაა იმ სიახლეების შესახებ, რომელთაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კანონთა პროექტი ითვალისწინებს. ტრენინგების შედეგად მოქალაქეებს ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ რას ითვალისწინებს კანონმდებლობა მათი უფლებების დასაცავად და რა სერვისებს სთავაზობს ძალადობის მსხვერპლთ, ეს კი მათ საშუალებას მისცემს, უკეთ დაიცვან საკუთარი უფლებები და, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული დახმარებით.
სპეციალურად მომზადებული პროგრამით, ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ზოგად ინფორმაციას, თუ რა არის ძალადობა, როგორ შეიძლება ის ვლინდებოდეს, რა ზეგავლენა აქვს მას პიროვნებასა და საზოგადოებაზე, გაეცნობიან ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად დღეს არსებულ მექანიზმებს. პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელს ექნება მეტი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმაროს მსხვერპლს და როგორ ამოიცნოს ძალადობის ესა თუ ის ფორმა.
უფასო ტრენინგებზე მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცემა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც გაივლის რეგისტრაციას შემდეგ მისამართზე: http://tcj.gov.ge/ka/news/378/ თითოეულ ჯგუფში მონაწილედ შეირჩევა პირველი 20 დარეგისტრირებული პირი. მთლიანობაში, 6 თვის განმავლობაში, ტრენინგები 74 ჯგუფისთვის ჩატარდება.
ტრენინგები გაიმართება თბილისის იუსტიციის სასწავლო ცენტრში და საქართველოს ყველა რეგიონში არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები