„ახალი კონსტიტუცია შემოდგომაზე რომც იქნას მიღებული, ის არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ვერ შეეხება“

საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ძაბირაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კონსტიტუციის ახალ პროექტში გაწერილ პრეზიდენტის არჩევის ახალ წესზე ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომ მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებები არ დაეკავშირებინა პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის უთანხმოებასთან, ამიტომ თქვას რომ 2018 წელს არჩევნები ჩატარდეს ძველი წესით და შემდგომი არჩევნებისთვის იქნას შემოღებული ახალი წესი, თუმცა მისივე თქმით, ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ 2018 წლის არჩევნების ძველი წესით ჩატარებას შესთავაზებდნენ პრეზიდენტს, ამის გამო, ის შეწყვეტდა აქციას „კონსტიტუცია ყველასათვის“.
​ძაბირაძის თქმით, თუ მოქმედ პრეზიდენტს სურს, კვლავ პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი და დარჩეს იმ უფლებამოსილებებით, რაც ახლა აქვს, ამისთვის მან უნდა გარისკოს, გადადგეს და გადადგომიდან 45 დღეში დაინიშნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, მოქმედი პრეზიდენტი უშანსოდ რჩება.
„ როგორც სახელისუფლებო გუნდის გამონათქვამებიდან ვხვდები, მათ იმედი ჰქონდათ, რომ 2018 წლის არჩევნების ძველი წესით ჩატარებას შესთავაზებდნენ პრეზიდენტს, ამის გამო, ის შეწყვეტდა აქციას „კონსტიტუცია ყველასათვის“. დღეს პოლიტიკური ოპოზიცია პლიუს პრეზიდენტი ერთ ფლანგზე არიან და მეორე ფლანგზეა „ქართული ოცნება“, მაგრამ მანდ ერთი საინტერესო ნიუანსია. თავად კონსტიტუციის გადასინჯვა, რომელიც მოქმედ კონსტიტუციაშია გაწერილი, გარდა ¾ ის მხარდაჭერისა, პირველ და მეორე კენჭისყრას შორის სამთვიან შუალედს გულისხმობს. კონსტიტუცია მიღებულად ჩაითვლება, თუ ორივე მოსმენით იქნება ¾-ის მიერ მხარდაჭერილი. თუ წარმოვიდგენთ, რომ დავუშვათ, ივნისში ხელისუფლება ¾-ით მიიღებს სხვა ვარიანტს, მაგალითად, იმას, რომ არაპირდაპირი არჩევნები უახლოეს არჩევნებზე შემოვიდეს, სამი თვის თავზე უნდა უყაროს კიდევ კენჭი და ის დებულებები, რაც პირველი მოსმენით იქნა მიღებული, დაამტკიცოს. ჩნდება სამთვიანი შუალედი. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მას სურს პოლიტიკაში დარჩეს და კენჭი იყაროს, მას ამისთვის აქვს სამი თვე. პრეზიდენტის გადადგომიდან 45 დღის ვადაში, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები . სამთვიან პერიოდში თავისუფლად ესწრება, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას ძველი წესით და რაც მთავარია, ძველი უფლებამოსილებებით. ახალი კონსტიტუცია შემოდგომაზე რომც იქნას მიღებული, ის არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებებს კონსტიტუციური სამართლის მიხედვით, ვერ შეეხება. ხოლო შემდგომ, 2023 წლისთვის, ძალაში შევა არამარტო არჩევის ახალი წესი, არამედ ახალი უფლებამოსილებებიც“ , – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები