ირაკლი კობახიძე: საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის

“საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის კამპანიისგან განსაკუთრებულ შედეგებს არ ელოდება.
„სამწუხაროდ, წარიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საწინააღმდეგო კამპანია პრეზიდენტის მიერ. ეს უკვე გარდაიქმნა პარლამენტის საწინააღმდეგო კამპანიად, რაც არის ძალიან სამწუხარო მოვლენა. პირდაპირ გეტყვით, რომ განსაკუთრებულ შედეგებს ამ კამპანიიდან არ ველოდები, სხვადასხვა მიზეზის გამო – საყოველთაო სახალხო განხილვა ლოგიკურად, შეიძლება დაიწყოს მას შემდეგ, რაც პროდუქტი იქნება მზად. წარმოიდგინეთ, რომ კამპანია დაიწყო იმ პირობებში, როდესაც ჯერ ცვლილებებიც არ იყო მომზადებული. ეს არის აბსოლუტური ნონსენსი, რაზეც ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად საუბრობდნენ. თუ შენ მოსახლეობას არ ესაუბრები კონკრეტულ ცვლილებებზე, ბუნებრივია, ასეთ დროს საყოველთაო სახალხო განხილვას ვერ ექნება ეფექტი. მეორე და მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ამ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აწვდის არასწორ ინფორმაციას საზოგადოებას. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი ტყუილიც. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი და სამწუხარო, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საზოგადოების ინფორმირებაზე. მაგალითად გავიხსენებ რამდენიმე დღის წინ მოსახლეობისთვის ნათქვამ ფრაზას. საუბარი იყო იმაზე, თითქოს პრემიერ-მინისტრის აქვს მშვიდობიანობის პერიოდში ჯარების თავისი გადაწყვეტილებით გადაადგილების შესაძლებლობა. ასეთი ინფორმაცია მიაწოდა პრეზიდენტმა ქართულ საზოგადოებას. ასეთი ინფორმაცია არანაირად არ შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით. თუ აქვს სწორი ინფორმაცია და შეგნებულად ამბობს ასეთ რამეს, ეს საერთოდ ძალიან მძიმე შეფასებას იმსახურებს და შემაშფოთებელია. ბუნებრივია, არავის მიუნიჭებია პრემიერ-მინისტრისთვის მშვიდობიან პერიოდში ჯარების თავისი შეხედულების მიხედვით გადაადგილების უფლება. ასეთი რამ სამხედრო დიქტატურებშიც კი არ ხდება. წარმოიდგინეთ, რომ ასეთი სახით ხდება მოსახლეობის დეზინფორმირება ამ კამპანიის ფარგლებში. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევიქმნით, ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რაც ზოგადად, ასეთი კამპანიიდან უნდა მიიღოს ადამიანმა“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები