დიმიტრი ხუნდაძე: „მარიხუანას მომხმარებელთა 30-35% მძიმე ნარკოტიკზე გადადის“

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება, მარიხუანას მოხმარებას მოჰყვეს. ხუნდაძისთვის მიუღებელია ცნობადი სახეების აქტიურობა მარიხუანას პოპულარიზაციის კუთხით, მისი დარგვა, მორწყვა და პირდაპირ ეთერში მისი კულტივაცია.
​დეპუტატის განცხადებით, მარიხუანაზე დამოკიდებულების ეფექტი მაღალია, მისი პირველადი მომხმარებლების 9% მასზე მყარად დამოკიდებული ხდება, მომხმარებელთა 30-35% კი მძიმე ნარკოტიკზე გადადის.
„ ჩემთვის მიუღებელია ზეაქტიურობით მარიხუანის თემის გაჟღერება, რაც ბოლო პერიოდში ხორციელდება. ეს იქნება განცხადებებით თუ ცნობადი სახეების იმდაგვარი დამოკიდებულებით, რომლითაც ხაზს უსვამენ, რომ მარიხუანა თითქოს არის უსაფრთხო. ჩემთვის, ასევე, მიუღებელია, როცა პირდაპირ ეთერში ხდება მარიხუანას კულტივაცია, დათესვა, მორწყვა, მოყვანა და ამის ქება. მარიხუანას მთესველები რელიგიურ თემატიკაში გადაიჭრნენ , ეპისკოპოსებიც შეარჩიეს და რაღაც გაუგებარ აურზაურში მოხვდნენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის და აქვე ვამტკიცებ, რომ თემის ამდაგვარი გაჟღერება მისი პოპულარიზაციის ტოლფასია . არ შეიძლება, მარიხუანა იქნას მიჩნეული უსაფრთხოდ, რამეთუ მარიხუანა ჰალუცინოგენების ჯგუფში შედის, მაღალია მასზე დამოკიდებულების ეფექტი, მისი პირველადი მომხმარებლების 9% მასზე მყარად დამოკიდებული ხდება , მომხმარებელთა 30-35% კი გადადის მძიმე ნარკოტიკზე. მარიხუანას კარიბჭის ნარკოტიკსაც კი ეძახიან. მისი უსაფრთხოება არის არატოლფასად შეფასებული. როდესაც ვსაუბროთ მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე და ვსაუბრობთ, უნდა დავიჭიროთ თუ არა მარიხუანას მომხმარებელი, პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად, არა. არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ სამართლებრივი რეგულაციები უნდა იყოს ქვეყანაში იმდაგვარი, რომ მან არათუ ხელი შეუწყოს მის გამრავლებას, გავრცელებას და მოხმარების გაზრდას, არამედ უნდა იყოს ისეთი, რომ არ მოხდეს მისი პოპულარიზაცია, რეალიზაცია და გავრცელება“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
​რაც შეეხება კანონმდებლობას, დეპუტატის თქმით, პარლამენტში მიწოდებულ კანონპროექტში მარიხუანას საშიშროება გაზომილია მხოლოდ მისი წონადობით. ხუნდაძის თქმით, მარიხუანას საშიშროება მასში შემავალი ნარკოტიკული თრობის გამომწვევი ნივთიერების პროცენტული მაჩვენებლით უნდა განისაზღვროს.
„ შემოთავაზებულია მარიხუანას ის მინიმალური რაოდენობა, რომლის მოხმარების შემთხვევაში, პირზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ გავრცელდება. მარიხუანას მომხმარებელი, რა თქმა უნდა, არ უნდა დავიჭიროთ, მაგრამ თვითონ მარიხუანაში მოქმედი ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი,რომელიც იწვევს ნარკოტიკულ თრობას , ერთსა და იმავე მცენარეში შეიძლება სხვადასხვა შემცველობის იყოს, მაგალითად, 2000 წლამდე მარიხუანაში მსგავსი ნივთიერება იყო 2-3%-ის შემცველობით , დღეს ევროპულ ბაზარზე შეინიშნება უკვე 12-18% -იანი კონცენტრაციის მარიხუანა და სელექციური გზით, შესაძლებელია, რომ მიღებულ იქნას 35%-ის ნარკოტიკული თრობის შემცველი მცენარე მარიხუანა. ასე რომ, საზოგადოებრივი საშიშროება მარიხუანის წონადობით არ შეიძლება იყოს განსაზღვრული. კანონში აუცილებლად უნდა ჩაიწეროს იმ რაოდენობაზე, თუ რა პროცენტული კონცენტრაციის შემცველობა არის განსაზღვრული, რაზეც არ გავრცელდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები