ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, პრეზიდენტის არჩევის წესი იყო მორგებული იმ სისტემაზე, რომელიც ყალიბდება და ეს არის საპარლამენტო მმართველობა

“ჩვენთვის მთავარია, პრეზიდენტის არჩევის წესი იყო მორგებული იმ სისტემაზე, რომელიც ყალიბდება და ეს არის საპარლამენტო მმართველობა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
კობახიძის თქმით, ამისთვის უმჯობესია, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით აირჩიონ. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციის ახალი პროექტით, პრეზიდენტის არჩევის წესი ფუნდამენტურად იცვლება.
„პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი იცვლება არაპირდაპირი არჩევის წესით. აქაც ხდება სპეკულირება, მანიპულირება ამ თემით, მით უმეტეს, რომ ამით სპეკულირება მარტივია. საზოგადოებას უსვამ კითხვას, რა ურჩევნია, თვითონ აირჩიოს პრეზიდენტი, თუ სხვამ. როდესაც სისტემის დეტალებს არ განმარტავ, ეს სასპეკულაციოდ არის ძალიან მარტივი საკითხი და საზოგადოება შეიძლება შეცდომაში შეიყვანო.
არის ქვეყნების ნაწილი, სადაც ირჩევენ პირდაპირ და სადაც არაპირდაპირით. იქ, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი წესით, არასდროს ამ კუთხით სისტემური პრობლემა არ წარმოშობილა. სადაც პრეზიდენტს ირჩევენ პირდაპირი წესით, საპარლამენტო რესპუბლიკებში, უმეტეს შემთხვევაში, წარმოიშვა სისტემური ხასიათის პრობლემები.
პრობლემა იყო კომპეტენციების გადაფარვა, პრობლემა იყო ოდიოზური ან არაპროდასავლური ან სხვა ტიპის ნეონაცისტური მიდრეკილების მქონე პრეზიდენტის არჩევა, ან თითქმის არჩევა პრეზიდენტის პოსტზე. ეს ხელს უშლის პარტიული სისტემის განვითარების პროცესს შესაბამის ქვეყნებში, სადაც არის არაპირდაპირი არჩევნები. აქ არ ყოფილა პრობლემები, სადაც არის არაპირდაპირი წესით არჩევა, გაჩნდა სისტემური ხასიათის პრობლემები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში წარმოუდგენელია, როგორ უნდა წარიმართოს საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანია.
„როდესაც პრეზიდენტს არ ექნება საარჩევნო პროგრამა, ვერ გასცემს დაპირებებს, ვერ ესაუბრება ამომრჩეველს, ძნელი წარმოსადგენია, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ჯანსაღი საარჩევნო კამპანია. ერთია, როდესაც ხდება მარტივი პროცედურით პრეზიდენტის არჩევა და როდესაც პარტიას ჰყავს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჩართულია მასში უნდა დაიხარჯოს არაერთი მილიონი, რომ გაიმარჯვოს საპრეზიდენტო კანდიდატმა. ასეთ დროს, ბუნებრივია, პრეზიდენტობის კანდიდატის და შემდეგ პრეზიდენტის პასუხისმგებლობა მისი წარმდგენი პარტიის მიმართ არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე იმ შეთხვევაში, როდესაც კოლეგიის პირობებში, წარადგენს პრეზიდენტობის კანდიდატს და აარჩევ იქ შესაბამისი უმრავლესობით. ამასთან დაკავშირებით, შეიძლება ფართოდ მსჯელობა. ეს სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი წინგადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საქართველო უზრუნველყოფს ჯანსაღი დემოკრატიის ჩამოყალიბებას ევროპული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები