დიმიტრი ხუნდაძე: „მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ამ ეტაპზე, არ იქნება სწორი“

​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილებებს ეთანხმება, თუმცა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების შესახებ პოზიციას არ იზიარებს. როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ამ ეტაპზე, არ იქნება სწორი. მისი თქმით, თვითმმართველობებს დღეს არ აქვთ იმის პრაქტიკული შესაძლებლობა, რომ მაჟორიტარის გარეშე ხალხის ნების რეალიზება დამოუკიდებლად მოახდინონ.
„მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ამ ეტაპზე, არ იქნება სწორი. მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს მაშინ, როდესაც თვითმმართველობები რეალურად იქნებიან დამოუკიდებელნი, ძლიერნი, თვითმმართველნი და ხალხის მიერ არჩეულ მერს და გამგებელს ექნება იმის ლეგიტიმაცია და იმის პრაქტიკული საშუალება, რომ ხალხის ნების რეალიზება მოახდინოს და არ დასჭირდება დამატებითი რგოლი, მაჟორიტარის სახით, რომელიც დაეხმარება მთავრობასთან ურთიერთობაში, მსხვილი პროექტების ლობირებაში , საკანონმდებლო ბაზის მომზადებაში და იმ მოსახლეობის ინტერესების დაცვისათვის, რომელმაც ის მაჟორიტარი აირჩია“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძის თქმით, თუკი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, მისი პოზიცია გუნდთან წინააღმდეგობრივი არ იქნება, თუმცა ის ეცდება, საკუთარი პოზიცია და არგუმენტები ყველას გააცნოს და უმრავლესობის გუნდის მხარდაჭერა მოიპოვოს, რომ მაჟორიტარული სისტემა ამ ეტაპზე, დარჩეს.
​მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური პარტიების სტრუქტურა, იდეოლოგია არ არის მყარი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ადრეა.
„თეორიულად, შესაძლებელია პროპორციული სისტემა, როდესაც ის იქნება უკეთესი, მაგრამ დღესდღეობით, იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური პარტიების სტრუქტურა, იდეოლოგია არ არის მყარი და გარკვეულწილად, ამორფულიც, მე ვფიქრობ, რომ პროპორციული სისტემა შეიძლება, სახიფათოც კი აღმოჩნდეს ქვეყნისათვის. ჩვენთან პარტიების რეიტინგი ხშირად ლიდერებზეა დამოკიდებული და მოსახლეობის დიდი ნაწილი პარტიაში შემავალ პოლიტიკოსებს არც იცნობს. ჩემს არგუმენტებს გაამყარებს ისიც, რომ არჩევნებამდეც და მის შემდეგაც ოპოზიციურ ველზე მიჯრით იშლებოდა პარტიები. მათ ვერ შეძლეს კონკურენციის გაწევა. პროპორციულად არჩეული დეპუტატი ვალდებული იქნება, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის და ლიდერის წინაშე. ის არ იქნება ვალდებული იმ მოსახლეობის მიმართ, რომელმაც ის უნდა აირჩიოს. მაჟორიტარს კი გუნდის და ლიდერის გარდა, პასუხისმგებლობა აქვს იმ ხალხის წინაშე აღებული, რომელსაც ის წარმოადგენს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები