ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტის სტატუსი არ შეიცვლება

ახალ კონსტიტუციაში პრეზიდენტის სტატუსი არ შეიცვლება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“პრეზიდენტის სტატუსი მოქმედ კონსტიტუციაში განისაზღვრება 3 ძირითადი ჩანაწერით. ეს არის სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში. სტატუსის სამივე ეს ნიშანი ძალაში რჩება. სახელმწიფოს მეთაური ეწოდება ყველა მონარქსა და პრეზიდენტს ნებისმიერ ქვეყანაში. ერთ შემთხვევაში, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ პრეზიდენტი არის იმავდროულად, ქვეყნის მმართველი, არის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს ეწოდება სახელმწიფოს მეთაური და ის არ არის ქვეყნის მმართველი. საზოგადოება არ უნდა დააბნიოს ამ ჩანაწერმა. იგივე ეხება უმაღლეს მთავარსარდალს. არის მხოლოდ 2 ქვეყანა დემოკრატიულ სივრცეში, სადაც პრეზიდენტს ან მონარქს არ ეწოდება მთავარსარდალი. თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ ქვეყანაში პრეზიდენტი ან მონარქი არის პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას ექვემდებარება სამხედრო ძალები. რაც შეეხება საგარეო წარმომადგენელს, არ არსებობს ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი ან მონარქი არ არის მოხსენებული როგორც უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობების საკითხებში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ან მონარქს აქვს მინიჭებული შესაბამის ქვეყანაში პრიორიტეტული კომპეტენცია საგარეო კომპეტენციების ფარგლებში”, – აღნიშნა კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია გასული წლის ბოლოს შეიქმნა. საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებების პროექტს მხარი 22 აპრილს დაუჭირა. კომისია 4 თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ მონაწილეობდა. კომისია მუშაობის დასასრულს დატოვა ოპოზიციამ. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა პროექტი საკუთარ ინტერესებს მოარგო.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, რის შემდეგაც ის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეგზავნება.
პარლამენტში ცვლილებებზე მუშაობის პარალელურად, მმართველი გუნდი დოკუმენტს საერთო საყოველთაო განხილვისთვის ამზადებს, შესაბამისად, მის შემუშავებაში უკვე მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, უქმდება მაჟორიტარული სისტემა, კონსტიტუციით განისაზღვრება ოჯახის დეფინიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები