ირაკლი კობახიძე: საზოგადოებას არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ხორციელდება კონსტიტუციაში
“საზოგადოებას არ აქვს სრულფასოვანი წარმოდგენა იმ ცვლილებებზე, რომლებიც ხორციელდება კონსტიტუციაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არასწორი ფორმით ხდება ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და საზოგადოებას უნდა შეექმნას ობიექტური წარმოდგენა ცვლილებებზე.
„მინდა, მიმოვიხილო პროცესი, რომლის საფუძველზეც გადაიხედება კონსტიტუცია. კომისიის შექმნის საწყის ეტაპზე, იყო დისკუსია ფორმატზე. პრეზიდენტის მხრიდან იყო შემოთავაზებული ერთი ფორმატი, რომელიც ითვალისწინებდა სამი თანათავმჯდომარის ქვეშ კომისიის არსებობას. ჩვენ შევთავაზეთ განსხვავებული ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტის ეგიდით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ჩამოყალიბებას. მათ შორის იყო კონცეპტუალური განსხვავება. საზოგადოებას ცოტა ზედაპირულად მიეწოდება ინფორმაცია ფორმატთან დაკავშირებით. რეალურად, ორ ფორმატს შორის იყო კონცეპტუალური განსხვავება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საპარლამენტო ფორმატს არ ჰქონდა ალტერნატივა და შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია.
„რაც შეეხება სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, კომისია იყო უპრეცედენტოდ ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული, ჩვენ გვყავდა 73 წევრი კომისიაში, მათ შორის იყვნენ პარტიების წარმომადგენლები, ასევე, არასაპარლამენტო პარტიები, შემადგენლობაში შედიოდა ყველა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენელი, შედიოდნენ არასამთავრობოები და ექსპერტები. რაც შეეხება ექსპერტების და არასამთავრობოების შერჩევის კრიტერიუმებს, იყო ობიექტური შერჩევის პრინციპი და ამაზე კითხვის ნიშნები არ დასმულა. პროცესიც იყო მკაფიოდ განსაზღვრული. იცოდა კომისიის თითოეულმა წევრმა, სხდომაზე რისთვის მოდიოდა და ამან განაპირობა მაღალი დასწრების მაჩვენებელი. კომისია იყო ყველაზე ინკლუზიური და ფართო ჩართულობაზე დაფუძნებული“, – აღნიშნა კობახიძემ.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტმა დაუსახა ძირითადი მიზნები, კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში უზრუნველყოფას კონსტიტუციის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მეორე – უნდა ჩამოყალიბებულიყო ახალი რედაქციით ისეთ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას.
„მესამე, რაც უნდა გამოიკვეთოს, ეს არის მოქმედი კონსტიტუციის გამარტივება ტექნიკის თვალსაზრისით. ტექნიკურად გაუმართავი იყო სტრუქტურა, ნორმები, კონსტიტუციის სტრუქტურა იყო აბსოლუტურად არასწორად ჩამოყალიბებული. მუხლებში დასათაურებაც კი იყო შეუძლებელი. ეს დოკუმენტი უნდა იყოს ერთგვარი სახელმძღვანელო იურისტისთვის. ეს სამი ძირითადი ამოცანა ჰქონდა კომისიას, სამივე ამოცანა არის ზედმიწევნით შესრულებული. ბევრი სამუშაო იქნა შესრულებული კომისიის მიერ. თითქმის ყველა მუხლია გადასინჯული, თითქმის ყველა პუნქტს შეეხო ცვლილება. ამ პუნქტების თითქმის 80-85% ეფუძნება ექსპერტების, არასამთავრობოებისა და სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წინადადებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.